მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ უნარჩენო წარმოებაზე გადასვლას გეგმავს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ Busiiness Insider Georgia-ს განუცხადა პროექტის განხორციელებას სავარაუდოდ 2024 წლიდან დაიწყება, ხოლო ბიზნესგეგმაზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება.
„ამ დროისთვის ჯერ არ ვიცით რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო უნარჩენო წარმოების შესაქმნელად და სიმძლავრის დანადგარები დაგვჭირდება. პროექტზე ვმუშაობთ“, - აცხადებს „პერბიას“ დირექტორი.
უნარჩენო წარმოებაზე გადასვლის იდეა „ჰერბიას“ მფლობელებს მას შემდეგ გაუჩნდათ რაც ბოსტნეულის ბოქსების წარმოება დაიწყეს და ნარჩენების უტილიზაციის პრობლემა გაჩნდა.
„სამი წელია რაც პროდუქციის გადამუშავება დავიწყეთ. ბოსტნეული იფცქვნება და მზა პროდუქციის სახით მიეწოდება მომხმარებელს. დაგროვილი ნარჩენი გაყიდული პროდუქციის 1/3-ია, რასაც უტილიზაცია სჭირდება. ნარჩენის გადაყრას ცალკე რესურსი სჭირდება და თანაც გარემოს აბინძურებს.
ამასთან ნარჩენები გვაქვს პირველად წარმოებაშიც, როდესაც მოსავალს ვიღებთ რჩება ფესვები, ფოთლები, ეს ყველაფერი უტილიზაციაში მიდის. ნიადაგში ამ ნარჩენების გადამუშავებას 4 წელი სჭირდება, რაც საკმაოდ რთული პროცესია. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ეს ნარჩენი გადავამუშაოთ და მივიღოთ ცხოველების საკვები, ან ეს ყველაფერი ვაქციოთ ნიადაგის გამაჯანსაღებელ პროდუქტად, რომელიც სასუქად იქნება გამოყენებული, რასაც ფერმერებს გაცილებით დაბალ ფასში მივაწვდით“, - აცხადებს „პერბიას“ დირექტორი.
ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.
უახლესი