თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე თბილისის მერის, კახა კალაძის, მიერ მთავრობის სხდომაზე „ტრანსპლანტაციის პროგრამასთან“ დაკავშირებულ კომენტარს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიმდინარე წელსაც უწყვეტად გრძელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს.
„ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში დაფინანსება ხდება სრულად და ერთი მოქალაქისთვის გათვალისწინებულია 120 ათასი ლარი. პროგრამის დაწყებიდან - 2018 წლიდან - დღემდე საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თქმით, ასევე სრულად ფინანსდება ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაცია, რომლის დაფინანსების თანხა ერთი ადამიანისთვის 235 ათას ლარს შეადგენს.
„100%-ით ფინანსდება ყველა თანმდევი პროცედურაც, მათ შორის გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვა. გასულ წელს ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა“, - აღნიშნა ზურაბ ჩიკვილაძემ.
უახლესი
3 საათის წინ
Carpeteria დიზაინერებთან კოლაბორაციას აანონსებს