წყალტუბოში მდებარე სასტუმრო Aria resort & spa აუქციონზე იყიდება. აუქციონზე, რომელიც 6 ივნისსა ჩანიშნული სასტუმროს კომპანია „არია“ ასხვისებს და მისი საწყისი ღირებულება 10 870 000 ლარია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 20 კმ-ის დაშორებით მდებარე სასტუმრო კომპლექსი Aria resort & spa წარმოადგენს 48 ნომრიან სრულად აღჭურვილ თანამედროვე ტიპის სასტუმროს: სტანდარტული ორადგილიანი - 36 ნომერი; ლუქსი - 6 ნომერი; საოჯახო - 5 ნომერი; შშმ პირთათვის - 1 ნომერი.
კომპლექსი 4 სართულიანია და აერთიანებს ასევე სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრს, ღია, შიდა და საბავშვო აუზებს საუნით. კომპლექსი ასევე მოიცავს ტენისის კორტებს, ბარ-რესტორნებს, ღია ტერასას და სპა კაბინეტს. სასტუმრო კომპლექსის ეზოში გაშენებულია ასწლოვანი მუხების ხეივანი, ასევე სხვადასხვა დეკორატიული იშვიათი ჯიშის მცენარეები. სასტუმრო სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე გათბობა-გაგრილებისა და სავენტილაციო-სახანძრო სისტემით.
სასტუმროში განთავსებულია რესტორანი, რომელიც გათვლილია - 70-100 სტუმარზე. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ შეუკვეთონ და დააგემოვნონ როგორც ევროპული ასევე ქართული ტრადიციული კერძები. რესტორანს ემსახურება მაღალკვალიფიციური პერსონალი და შეფმზარეული.
კომპლექსში განთავსებულია ორი ღია აუზი 25/12.5მ-ზე და საბავშვო 6/4მ-ზე. აუზისა და წყლის ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა-კონტროლი ხდება უახლესი საშუალებებითა და ტექნიკური მოწყობილობებით. აუზთან განთავსებულია ბარი-ტერასა. ფუნქციონირებს გასახდელები და ინდივიდუალური საშხაპეები. აუზის მიმდებარედ მოწყობილია პატარა დამსვენებლებისთვის უსაფრთხო, სათამაშო კუთხე.
სასტუმროს კომპლექსის შემადგენლობაში შედის ინდივიდუალური შენობა-ნაგებობა სპორტული აქტივობებისთვის. ფუნქციონირებს საუნა და დახურული აუზი 10/4-მ. სპორტული აქტივობის ნაწილია კომბინირებული ტენისის კორტები და კალათბურთის მოედანი 36/18მ-ზე
დღეის მდგომარეობით 2023 წლის სეზონის (ივნისი-ივლისის) პერიოდში მიღებულია და გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულებები გარანტირებულ ჯავშნებზე რომელიც შეადგენს მინიმუმ 700 ათას ლარს.
უახლესი