ქართული ჩურჩხელის მწარმოებელი კომპანია ბადაგი / badagi ასორტიმენტს ზრდის. კომპანიის წარმომადგენლებმა მომხმარებლის თხოვნა გაითვალისწინეს წინასაახალწლოდ შოკოლადის ჩურჩხელების წარმოება დაამატეს.
გარდა ამისა, როგორც ,,ბადაგის“ მარკეტინგის მენეჯერი თამთა ჩანქსელიანი Business Insider Georgia - თან ამბობს, კომპანია წლიდან წლამდე აფართოებს ასორტიმენტს და ტრადიციას არც წელს უღალატებს.
ჩანქსელიანის თქმით, წარმოებაში დაემატება ახალი შეფუთვა, რომელიც გაყიდვაში 2024 წლიდან ჩაეშვება.
,,შოკოლადის ჩურჩხელა დავამატეთ. ჩვენთვის ეს არ არის სიახლე, ადრეც გვქონდა ასორტიმენტში, თუმცა ორი წელია, არ გვიწარმოებია, საკმაოდ შრომატევადია და უფრო ტრადიციულ ჩურჩხელაზე ვაკეთებთ აქცენტს. ამჯერად მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა გავითვალისწინეთ და შოკოლადის ჩურჩხელის ლიმიტირებული რაოდენობა დავამატეთ. ნედლეულად ამ შემთხვევაში თხილი გამოვიყენეთ, რომელიც თეთრი და შავი შოკოლადით დამზადდა. გვაქვს სიახლე ,,ბადაგის“ ასორტიმენტში, ვმუშაობთ ახალ შეფუთვაზე, რომელიც გაყიდვაში მომავალი წლიდან ჩაეშვება. მუდმივად ვაახლებთ ასორტიმენტს და არც ამჯერად ვღალატობთ ტრადიციას. პარალელურად ვაძლიერებთ ექსპორტის მიმართულებას, პროდუქტი დუბაიში გავიტანეთ, უკვე არსებულ ბაზრებზე კი პოზიციებს წლიდან წლამდე ვამყარებთ“, - ამბობს თამთა ჩანქსელიანი.
რაც შეეხება ,,ბადაგის“ საახალწლო ასორტიმენტს, წელსაც მრავალფეროვანია. რაც შეეხება შოკოლადი ჩურჩხელას, კომპანიის ბრენდულ მაღაზიებში გაიყიდება.
ცნობისთვის, „ბადაგი“ ოფიციალურად საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან გამოჩნდა.
საწარმო მდებარეობს წნორში, სადაც ყოველდღიურად მზადდება 10 000 - მდე სხვადასხვა სახეობის ჩურჩხელა. კომპანია „ბადაგი“ ლიდერია ავთენტური და ტრადიციული ჩურჩხელის წარმოებაში. ტრადიციების შერწყმა თანამედროვე სტანდარტებთან და ტექნოლოგიებთან - სწორედ ასე მიიღება „ბადაგის“ უგემრიელესი ჩურჩხელა, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც საცალო, ისე კორპორატიული გაყიდვებისთვის.
კომპანია წლის განმავლობაში 4-5 მილიონ ჩურჩხელას აწარმოებს.
უახლესი