რუსთავში მდებარე ტექსტილის მცირე საწარმო Tsim Tsim-ი საღამურების ხაზის დამატებასა და ქსელის გაფართოებას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia-თან „ციმ-ციმის“ დამფუძნებელი და მმართველი ანა აბაშიძე ამბობს, წარმოებამ ასორტიმენტის გაფართოების გადაწყვეტილება მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.
„წელს საბავშვო საღამურების ხაზს ვამატებთ. ვგეგმავთ სტანდარტული ზომები დავამზადოთ და ინდივიდუალური შეკვეთებიც მივიღოთ. მიმდინარეობს ესკიზებზე მუშაობა. საცდელი ხაზის მოდელები სამ თვეში ჩაეშვება გაყიდვაში. ეს იქნება ეკო ხარისხის პროდუქცია“, - ამბობს ანა აბაშიძე.
მეწარმემ ატელიე 2021 წელს გახსნა. მანამდე არასამეწარმეო რეჟიმში საქმიანობდა.
„2021 წელს გავხსენით პირველი ფილიალი „აწარმოე საქართველოში“ გრანტით. ვამზადებთ საოჯახო და საბავშვო ტექსტილს. მხოლოდ უმაღლესი ხარისხისა და ნატურალური ქსოვილებით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა არის გარანტირებულად მაღალი ხარისხი. ვმუშაობთ უმაღლესი ხარისხის ეკოპროდუქტით და 3 წლის განმავლობაში არ გვყოლია უკმაყოფილო მომხმარებელი. მაქსიმალურად ვზრუნავთ გარემოზე და ვმუშაობთ უნარჩენო წარმოების პრინციპით. ვცდილობთ, გვყავდეს მაქსიმალურად მეტი ლოიალური მომხმარებელი.
კიდევ ერთი დეტალი, რამაც ჩვენი კომპანია ცნობადი გახადა, ეს არის თანამშრომლებთან დამოკიდებულება. გვაქვს 4-დღიანი სამუშაო გრაფიკი და დაუგეგმავი დასვენების დღეები. ბევრი კარგი ბენეფიტი გვაქვს თანამშრომლებისთვის. სამუშაო გრაფიკიც ისე გვაქვს შედგენილი, რომ თანამშრომლებს პირადი ცხოვრებისთვისაც დარჩეთ დრო“, - ამბობს მეწარმე.
„ციმ-ციმის“ დამფუძნებელი და მმართველი ანა აბაშიძე ამბობს, რომ 2024 წელს სავაჭრო ქსელსაც გააფართოებენ და დიდ სავაჭრო ობიექტებში სტენდების დადგმას გეგმავენ.
ტექსტილის მცირე საწარმო მომხმარებელს მაღალი ხარისხის ეკონედლეულით დამზადებულ თეთრეულსა და სუფრებს სთავაზობს. ამ დროისთვის საწარმოში 4 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
4 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს5 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის