2024 წელი ტურიზმისთვის საკმაოდ ნორმალური და კარგი წელი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდულ, ზოგჯერ ხანმოკლე და ზოგჯერ ხანგრძლივ ამოვარდნებს, რომელიც დარგმა შექმნილი არასტაბილური გარემოს გამო მიიღო, - ამის შესახებ მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.
როგორც ბიზნესმენი აცხადებს, რომ არა ეს წერტილოვანი დარტყმები სექტორს უფრო მაღალ მაჩვენებლებზე გასვლა შეეძლო.
„დარწმუნებული ვარ, რომ კვარტალურად უფრო მაღალ მაჩვენებელზე გავიდოდით, რომ არა ეს წერტილოვანი დარტყმები. რაც რეალურად ყველაზე მეტად აისახა დედაქალაქის ცენტრში მყოფ სასტუმროებზე და MICE-ტურიზმზე. ასევე კორპორატიულ და ივენთების მიმართულებაზე.
რაც შეეხება ნომრების დატვირთულობას, იანვრიდან ნოემბრამდე სასტუმრო ნომრები საკმაოდ კარგად იყო დატვირთული. დეკემბერიც ასე თუ ისე შევსებული იყო. თუმცა 2025 წლის იანვარ-თებერვალი უკვე იმ მოცულობით შევსებული აღარ არის, როგორი მოლოდინიც გვქონდა და ჯერჯერობით ვართ 40%-იანი დატვირთულობის ნიშნულზე.
თუ კი 2024 წელს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ ის ბევრად უკეთესი იყო ვიდრე 2023 წელი. ზოგადად ყოველწლიურად 10%-იანი ზრდაა და კოვიდამდე პერიოდთან შედარებით ჯამში 83%-მდეა აღდგენა, რაც ტურიზმის სექტორში მოღვაწე სუბიექტებისთვის დადებითი შედეგია“, - ამბობს გიორგი დოლიძე.
HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორის სტაბილურად განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
„იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორი იყოს კარგად და კიდევ უფრო დიდი ზრდა ვაჩვენოთ, მთავარია რომ ქვეყანაში არ იყოს დესტაბილიზაცია და არეულობა. თუ იქნება ქაოსი და აქციები გაგრძელდება ეს თავისთავად ისევ შეგვეხება და 2024 წლის მსგავსად ისევ ვერ მიაღწევს იმ ნიშნულს, რისი პროგნოზებიც გვაქვს.
ხოლო დანარჩენი, რაც უნდა გაკეთდეს და მუდმივად კეთდება ეს არის გაძლიერებული მარკეტინგი, მეტი პირდაპირი ფრენების დამატება, ახალი ბაზრების მოძიება, ევროპული ბაზრისთვის უფრო მეტი ფუშინგი და მარკეტინგულად უფრო მეტად აქტიურობა, რომ იქიდან უფრო მეტად შემოვიყვანოთ მაღალ მხარჯველი ტურისტები. ასევე მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ორიენტირებულობა და პარტნიორების მოძიება. და ასევე აზიიდან მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოყვანა, რომელიც შესაძლოა ევროპელ მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებს არც ჩამოუვარდებოდნენ“ - ამბობს გიორგი დოლიძე.
უახლესი
1 საათის წინ
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს2 საათის წინ
Cavea ახალ კინოთეატრს ხსნის