დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ტყუპების ღვინო“ აშშ-ში ექსპორტს გეგმავს

„ტყუპების ღვინო“ აშშ-ში ექსპორტს გეგმავს

22-02-2024 14:00:00

2024 წელს კომპანია „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აშშ-ს ბაზარზე მასიურ შესვლას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიაში განუცხადეს, აშშ-ში ექსპორტის დასაწყებად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და შედეგიც მალე დაიდება. 

„ვგეგმავთ შესვლას აშშ-ს ბაზარზე და ამიტომ გაქვს აქტიური მოლაპარაკებები. ამ მიმართულებით ერთი პარტნიორი უკვე გვყავს და ვცდილობთ მასთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და ასევე ვესაუბრებით ორ ახალ პარტნიორს“, - განმარტავენ კომპანიაში.

რაც შეეხება 2023 წელს, „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ ახალ ბაზრებზე შევიდა, ხოლო არსებული მაჩვენებლების გაუმჯობესებას კომპანიის მენეჯმენტი უკვე 2024 წელს შეეცდება.

„ექსპორტისა და გაყიდვების სტატისტიკა მუდმივად ცვალებადია. ექსპორტის მიმართულებაზე გარე ფაქტორები, ჯერ პანდემია და შემდეგ ომი, ძალიან მოქმედებს. ასეთ ფონზე სტაბილურობას ვერ ვინარჩუნებთ. ჩვენი კომპანიის გაყიდვების პორტფელს რომ შევხედოთ 60-70%-ი არის ადგილობრივი ბაზარს უჭირავს და 30-40%-ი არის ექსპორტის წილი. დღეის მდგომარეობით კომპანიის ღვინოები ექსპორტზე წარმოდგენილია შვედეთში, გერმანიაში. 2023 წელს შევედით საფრანგეთის ბაზარზე და ასევე უკვე წარმოდგენილები ვართ ჩინეთის ბაზარზე“, - აცხადებენ კომპანიაში „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“.

კომპანიის მენეჯმენტში მიიჩნევენ, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირის სტატუსის მიღება ქართულ ბიზნესზე დადებითად აისახება. ღვინის მწარმოებელ კომპანიაში„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ მიაჩნიათ, რომ სტატუსის მიღებით კომპანიისთვის ევროპის ბაზარზე წვდომა კიდევ უფრო ფართოვდება და ახალი შესაძლებლობები იხსნება.

იმავდროულად კომპანიას უჩნდება შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის უფრო მეტი ქვეყნის ბაზარზე იყოს წარმოდგენილი და ქართული ღვინო ევროპელებმა კიდევ უფრო კარგად და ახლოს გაიცნონ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებია საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციისთვის მრავალმილიონიანია ჩინეთის ბაზარი იხსნება და პროდუქციის გადაზიდვა დამატებითი გადასახადების გარეშე მოხდება.

„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აცხადებენ, რომ მათი კომპანიისთვის ჩინეთი საკმაოდ სასურველი ბაზარია.

„ჩინეთის ბაზარი ნებისმიერი ბიზნესისთვის და მით უმეტეს, რომ ჩვენი ბიზნესისთვის საკმაოდ საინტერესო და მიმზიდველი ბაზარია. ჩინეთი საკმაოდ დიდი ბაზარია.

რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ შემთხვევას, ჩვენთვის ნებისმიერი კონკრეტული ბაზარი ვინც ღირსეულ ფასს გადაიხდის და ღირებულ პარტნიორულ ურთიერთობაში შემოვა, დააფასებს ქართულ ღვინის ჩვენთვის მისაღებია და ამ შემთხვევაში საერთაშორისო ხელშეკრულებები და ვაჭრობები ყოველთვის საინტერესოა“, - აცხადებენ კომპანიაში „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ყველა ექსპორტიორი ცდილობს დაიცვას ბალანსი ხარჯებსა და შემოსავალს შორის და შუალედური ვარიანტი დაიჭიროს.

„ჩვენს შემთხვევაში ყველაზე დაბალფასიანი ღვინოც კი აკმაყოფილებს კარგი და მაღალი დონის ღვინის ხარისხს. შესაბამისად ამ მომენტში პარტნიორიც დაინტერესებულია, რომ ხარჯი მინიმალური ჰქონდეს და მაქსიმალურად კარგად გაყიდოს, ამიტომ ყველა მაინც კომერციულად უყურებს. მით უმეტეს ახალ ბაზრებზე, სადაც დამკვიდრებაა საჭირო“, - აღნიშნავენ კომპანიაში „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“.

ტყუპების საღვინე სახლის ღვინოების პორტფელი შედგება როგორც შედარებით უფრო მასიური წარმოების ღვინისგან, ასევე საკოლექციო და დავარგებული ღვინოებისაგან. რადგანაც „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ საოჯახო მეურნეობაა, მათი წარმოება დიდი არ არის.

„2023 წელს დაახლოებით იგივე მოცულობით ღვინო ვაწარმოეთ, რაც 2022 წელს. საკმაოდ რთული სეზონი იყო. ბუნებრივი პირობების გამო, სეტყვის გამო ფერმერებს არ აუღიათ ის მოსავალი რაც პროგნოზირებული იყო და სასურველი. აღსანიშნავია, რომ არამხოლოდ საქართველოში, OIV-ის მონაცემებით მოსავალი შემცირებულია მთელს მსოფლიოში. შესაბამისად 2023 წელს მსოფლიოში ღვინის წარმოების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა.

ჩვენ ყურძენს ვიღებთ როგორც საკუთარი ვენახებიდან ასევე ვიბარებთ ადგილობრივი ფერმერებისგან. 2022-2023 წლებში სახელმწიფო პროგრამის და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ჩვენი ვენახების გაფართოება მოვახდინეთ და ამ ეტაპზე ვენახების მოცულობის ზრდას აღარ ვგეგმავთ“, - აცხადებენ კომპანიაში „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“.

აღსანიშნავია, რომ „ტყუპების ღვინო“ ბაზარზე ორიგინალური შეფუთვითაცაა წარმოდგენილი, რომელსაც ქვევრის ფორმა აქვს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს არის დაპატენტებული ქვევრის ფორმის ჭურჭელი.

ტყუპმა ძმებმა გია და გელა გამტკიცულაშვილებმა საოჯახო ქვევრის ღვინის კომერციული წარმოება 1997 წლიდან დაიწყეს. ქვევრის ღვინის დაყენების მეთოდი უძველესი ქართული ტრადიციაა, რომელიც გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO, 2013) კაცობრიობის არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა. ამ მეთოდს ძმებმა თავიანთი ოჯახური ცოდნაც დაუმატეს და დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ პროდუქტს ქმნიან, რომლის ხარისხსაც ყველაფერი ერთად ქმნის: დამზადების პირობები, ადგილმდებარეობა, ჰავა და განწყობა, რომელიც კომპანიის სულისკვეთებას გამოხატავს.

ტყუპების მეღვინეობა მდებარეობს კახეთის რეგიონში, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში. კახეთი რომ საქართველოში ღვინის სამშობლოა, ეს ყველასთვის კარგადაა ცნობილი. ნაფარეულის ღვინის მიკროზონა განლაგებულია მდინარე ალაზნის ხეობის მარცხენა სანაპიროზე. მას ზომიერი, გაწონასწორებული ჰავა და ისეთი ნიადაგის მახასიათებლები აქვს, რომელიც ყურძენს საოცარ ტონებს ანიჭებს და ჩვენს ღვინოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები