ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ტურიზმის ბიზნესში შესვლის შემდეგ კაფეს გახსნას გეგმავს.
როგორც Business Insider Georgia- ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განუცხადა, გეგმავენ ლავანდების ზოლებთან ახლოს კაფე გახსნან, სადაც ტურისტებს უმასპინძლებენ.
„გასულ წელს პირველად მივიღეთ ვიზიტორები, გეგმაში გვქონდა ტურიზმის მიმართულების განვითარება. გვინდოდა ინფრასტრუქტურა გაგვეხსნა და შემდეგ შეგვექმნა ეს ველი. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო და ბევრ ადამიანს სურდა ლავანდის ველის დათვალიერება, რომ გადაწყვეტილება შევცვალეთ და ვიზიტორების მიღება დავიწყეთ. გვიკავშირდებოდნენ ტურისტული კომპანიები და გვთხოვდნენ რომ მათ მარშრუტში შესულიყო „ტოტოს ლავენდების“ ველი და შესაბამისად დაეგეგმათ სტუმრების ვიზიტი“,- ამბობს ნინო სანიკიძე.
„ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებლის თქმით, სწორედ მაღალი მოთხოვნის გამო, განავითარეს სუვენირების ხაზი.
„ადგილზე გავაკეთეთ მაღაზია, სადაც იყიდება ჩვენი ნაწარმი. წელს გაეროს განვითარების პროგრამის გრანტით, კაფესთვის ინვენტარისა და ტექნიკის ყიდვას შევძლებთ და მომავალში სტუმრებს პატარა კაფეს დავახვედრებთ. გეგმაში გვაქვს, რომ აგვისტოს ბოლოს, ლავანდების შემდგომ ყვავილობაზე აგვისტოს ბოლოს კაფეც გავხსნათ“, - ამბობს ნინო სანიკიძე.
როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესში მუდმივად ახდენენ რეინვესტიციას და ცდილობენ გაზარდონ წარმოება და ლავანდის ზოლების ფართობი.
„ყველაზე მოთხოვნადია სხეულის მოვლის პროდუქტები, საშეები. ამ ყვავილობაზე როცა დეკორისა და სუვენირების ხაზი შემოვიტანეთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში“, - ამბობს ნინო სანიკიძე.
„ტოტოს ლავანდების“ პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით იყიდება.
„ტოტოს ლავანდები“ საგურამოში 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ეს არის ოჯახური ბიზნესი, თუმცა ლავანდების რთვლის დროს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
1 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა