საქართველოსა და რეგიონში პირველი ნეო-უნივერსიტეტის „სქილვილის“ დამფუძნებელი გიორგი მარიამიძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ტექ პროფესიებზე წლიდან-წლამდე მოთხოვნა იზრდება.
„ტექ პროფესიები სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. თუ გადავხედავთ Galt & Taggart-ის მონაცემებს, 2021 წელს 3 ათასი ადამიანიც კი არ იყო IT სექტორში დასაქმებული, ხოლო 2023 წლის ბოლოს ეს მონაცემები თითქმის გახუთმაგდა და 15 ათასი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული.
საგადასახადო რეფორმებმა რა თქმა უნდა ხელი შეუწყო სექტორის განვითარებას და ასევე საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ საქართველოში. ასევე თუ გადავხედავთ გლობალურად Forbes 2024 წლის ყველაზე მოთხოვნადი 5 პროფესია ტექნოლოგიების სფეროს განეკუთვნება“, - ამბობს გიორგი მარიამიძე.
სქილვილი არის ონლაინ ნეო უნივერსიტეტი, რომელიც უკვე მესამე წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს და სასწავლო კურსი უკვე 3 ათასზე მეტმა სტუდენტმა გაიარა. მოხოვნა ტექ პროფესიებზე იმდენად მზარდია, რომ ნეო-უნივერსიტეტი ფართოვდება და USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში ფილიალებს ქუთაისსა და ბათუმში გახსნის
„სქილვილში ვასწავლით ტექ პროფესიებს, პროგრამირებას, IT პროექტის მართვას, დიზაინს, ახლა ვამატებთ კიბერუსაფრთხოების, მენეჯმენტის კურსს და ასევე ვასწავლით ციფრულ მარკეტინგს. კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ დასაქმების ფორუმების შედეგად, ჩვენი სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი 70%-ია“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი.
კომპანია დასაქმების ფორუმს თავისი სტუდენტებისთვის წელს მესამედ მართავს. ამჯერად ფორუმში 20 ორგანიზაცია მონაწილეობს.
ამასთან, რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის, სქილვილის ინიციატივით, ცნობილი ექიმის რეზო თურნავას სახელობის ციფრული განათლების ფონდი დაფუძნდა.
„ფონდის მიზანია, რომ დავაფინანსოთ ტექ განათლება იმ ადამიანებისთვის რომლებიც არიან მოწყვლადი ჯგუფები და არ აქვთ საშუალება გადაიხადონ თანხა და მიიღონ განათლება.
ფონდში თანხების აკუმულირება მოხდება როგორც კერძო პირების ისე ბიზნესების შენატანების საფუძველზე და სტუდენტების შერჩევა მოხდება მათი მოწყვლადობის შესაბამისად. ეს იქნება განგრძობადი პროცესი და დამოკიდებულია თანხების მოცულობაზე. ფონდში შემოსული თანხების 100% მოხმარდება ტექ პროფესიების შესწავლას“, - ამბობს სქილვილის დამფუძნებელი.
უახლესი