დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება

20-02-2024 18:00:00

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის საქართველო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 26 მლნ ევროს მიიღებს

2024 წლის 20 თებერვალს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და საქართველოს შორის, ხელი მოეწერა „თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის“ სასესხო შეთანხმებას.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

„დღეს ხელი მოეწერა მნიშვნელოვან შეთანხმებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომელმაც გამოყო 26მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში. ეს არის ნარჩენების გადამუშავების პროექტი. აღნიშნული თანხიდან ნაწილი - 22 მილიონი ევრო გამოყოფილია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, ხოლო 4 მილიონი ევრო გამოყოფილია მწვანე კლიმატის ფონდიდან. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნარჩენების მართვის პროგრამას დედაქალაქში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს ნარჩენების გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობა. პირველი, რაც გაკეთდება, ესაა გადამტვირთი სადგურის მოწყობა, ფაქტობრივად ახლის მშენებლობა და ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგება. გარდა ამისა, მოწესრიგდება ლილოს ნაგავსაყრელი, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და ქალაქისთვის ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ამ პროექტის განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

დღესვე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ქ. თბილისის მერიას შორის გაფორმდა პროექტის მხარდაჭერის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მწვანე კლიმატის ფონდი (GCF) ჯამურად გამოყოფს 26 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან ფინანსურ რესურსს.

სესხის თანხები მოხმარდება ნარჩენების დამუშავების სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც მოიცავს დახარისხების ობიექტის და მასალების აღმდგენი ობიექტის მშენებლობას.

პროექტს განახორციელებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მეშვეობით. შესაბამისად, პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს თბილსერვის ჯგუფის დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები