კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“, რომელსაც სათავეში ცნობილი ბიზნესმენი გიორგი სვანიძე უდგას, უახლოესი 3 წლის განმავლობაში 10 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რითაც კომპანიის საინვესტიციო პორტფელი 25 მლნ-მდე გაიზრდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განაცხადა, მისი კომპანია დედოფლის წყაროში ახალი ქარხანას აშენებს და იმავდროულად საკუთარ ბაღებში, რამდენიმე მილიონი ზეთისხილის ნერგის დარგვას გეგმავს.
რაც შეეხება ზეთისხილის მოსავალს, ბიზნესმენი კმაყოფილია და აცხადებს, რომ 2024 წელს საკმაოდ კარგი შედეგებით დაასრულა.
„წელს ჩვენმა კომპანიამ არაჩვეულებრივი მოსავალი მივიღეთ. ზეითუნის ზეთის ხარისხი გამოვიდა მართლა სასწაულად მაღალი. 2024 წელს 350 ტონამდე მოსავალი დავკრიფეთ, ამასთანავე სხვა ფერმერებისგანაც ჩავიბარეთ და საბოლოო ჯამში 500 ტონა ზეთისხილი დავაგროვეთ. წელს მართლა ყველას კარგი მოსავალი გვქონდა, ეს იქნებოდა პატარა ფერმერი, თუ შედარებით მსხვილი მეურნეობა. „სვანიძის ზეთისხილმა“ მხოლოდ 2024 წელს 150 ათასი ნერგი დარგო და ამით ჩვენს ბაღებს 250 ათასი ჰა დავამატეთ.
ექსპორტის ზრდას ვახორციელებთ შუა აღმოსავლეთისკენ, ესაა არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი. საკმაოდ კარგად ხორციელდება ჩვენი ზეითუნის ზეთის ექსპორტი ყაზახეთში, ნიდერლანდებში. თუმცა ახლა ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ბრიტანეთის ბაზარზე შევიდეთ“, - აცხადებს გიორგი სვანიძე, რომელიც იმავდროულად საქართველოს ზეთისხილის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარეცაა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ წელს მაღალი მოსავალი იყო გლობალურ ბაზარზეც, რაც საბოლოო ჯამში ბაზარზე ფასების სტაბილურობასაც გამოიწვევს.
„მე ვფიქრობ, რომ 2025 წელს ფასის ზრდა აღარ მოხდება და ის დარეგულირდება, რადგანაც საკმაოდ მაღალი მოსავალი იყო. ზოგადად ზეითუნის ზეთის, თუ ზეთისხილის ფასი მის მოსავალზეა დამოკიდებული. როდესაც მოსავალი ჭარბად გაქვს ფასები სტაბილურდება და იკლებს კიდეც. თუმცა, როდესაც ნაკლები მოსავალია, ამ დროს დეფიციტში ვართ და ფასები მაღლა იწევს. ვინაიდან გლობალურ ბაზარზე ზეთისხილის კარგი მოსავალია, მე ვფიქრობ, რომ სტაბილური ფასი იქნება. ესპანეთშიც, საბერძნეთშიც, იტალიაშიც, თურქეთშიც წელს საკმაოდ კარგი მოსავალი დაფიქსირდა“, - განმარტავს გიორგი სვანიძე.
ბიზნესმენი ამბობს, რომ დღეს „სვანიძის ზეთისხილის“ კონკურენტული უპირატესობა პირველ რიგში არის ხარისხი.
„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას ყიდულობს. როდესაც ადამიანი კარგ ღვინოს სვამს, ის შემდგომ ცუდ ღვინოს აღარ დალევს. ასევეა ჩვენზე, როდესაც ადამიანი „სვანიძის ზეთისხილის“ ზეითუნის ზეთს დააგემოვნებს, ის შემდგომ სხვა ზეთს აღარ შეჭამს, იმიტომ, რომ მანდ უკვე გაიგო ნატურალური ზეთის გემო და შეიგრძნო მისი მაღალი ხარისხი. იმპორტირებულ პროდუქციაზე რა მოგეხსენოთ... იმ ხარისხის ზეთს, რასაც „სვანიძის ზეთისხილის“ კომპანია აწარმოებს თავად ევროპელები ყიდიან 2-ჯერ უფრო ძვირად. 25-30 ევრო ღირს 1 ლიტრი „ექსტრა“, „ექსტრა ვირჯინი“ ზეითუნის ზეთი. შესაბამისად იმ საფასო სეგმენტში, რაც დღეს იმპორტირებული ზეითუნის ზეთის ღირს არავინ არ გამოაგზავნის. გირჩევთ, „ექსტრა“, „ექსტრა ვირჯინს“ სეგმენტში საქართველოში მხოლოდ „სვანიძის ზეთისხილის“ მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთი იყიდოთ. მე იმიტომ არ ვაქებ, რომ ჩემი კომპანიის წარმოებაა. ნებისაებრ ადამიანს შეუძლია აიღოს ჩვენი პროდუქცია და ასევე იმპორტირებული და ორივე ჩააბაროს შესაბამის ლაბორატორიაში და დაინახავს სასწაულ განსხვავებას, ჩათვალეთ ერთი არის „ბენტლი“ და მეორე “ზაპოროჟეცი“, - აცხადებს გიორგი სვანიძე.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „სვანიძის ზეთისხილი“ ზეთისხილის ნერგების ექსპორტსაც იწყებს.
„ჩვენი სანერგიდან პირველად განვახორციელებთ ექსპორტს. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი ჩავანაცვლეთ და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი, ადგილობრივი ნერგები იყიდება, 100 000 ნერგი ექსპორტზე გადის. რამდენიმე დღეში აზერბაიჯანულ მხარესთან ხელშეკრულება გაფორმდება და ჩვენი ნერგები აზერბაიჯანში გაიგზავნება“, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.
რაც შეეხება მიმდინარე და სამომავლო გეგმავს, როგორც ბიზნესმენი აცხადებს, ამ მიმართულებით 10 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება და ფართოვდება, როგორც ზეთისხილის ბაღები ასევე წარმოება-გადამუშავება.
„მინიმუმ 2 მლნ ნერგი მინდა დავრგო. მომდევნო წელს 0,5 მლნ ნერგს დავამატებთ და ჩვენი ბაღები საერთო ჯამში 1,5 მლნ ნერგს გააერთიანებს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 3-დან 5 მლნ-მდე ნერგს დავრგავთ „სვანიძის ზეთისხილის“ ბაღებში.
2009 წლიდან „სვანიძის ზეთისხილმა“ მთლიანობაში 15 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა და უახლოეს 3 წელიწადში დამატებით 10 მლნ დოლარის ინვესტიციას დავამატებთ. დედოფლის წყაროში, ტარიბანაში, ულტრა თანამედროვე ქარხანას ვაშენებთ და მისი დღიური გადამუშავება 120-160 ტონა იქნება, მაშინ როდესაც არსებულ საწარმოს დღეში 3 ტონა ზეთისხილის გადამუშავება შეუძლია. საწარმოს გახსნას უკვე 2025 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში ვაპირებთ“, - განმარტავს გიორგი სვანიძე.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ 2009 წელს დაიწყო ინოვაციური იდეის განხორციელება, შეექმნა ზეთისხილის კულტურის ცივილიზაცია საქართველოს ნაყოფიერ მიწაზე, კერძოდ კი ეს ისტორია და პირველი ნერგის გახარება დაიწყო მამაპაპისეული სოფელ მაშნაარშდან. ქართული მიწა ზეთისხილისთვის შესანიშნავი აღმოჩნდა, რასაც ზეთისხილის ხეების სწრაფი ზრდა და აყვავებული ბაღები ადასტურებს.
გიორგი სვანიძის ინიციატივით, ზეთისხილის კულტურის მდგრადი განვითარების მიზნით საქართველო შეუერთდა „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ – (International Olive Council). საბჭოს წევრობა საქართველოს ზეთისხილის სექტორისათვის მომგებიანია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მწარმოებელი ქვეყნის წარმოჩენა, ისე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის განვითარება და საერთაშორისო პრაქტიკის განხორციელება. სწორედ საბჭოს სტანდარტების სრული და თანმიმდევრული დაცვით იწარმოება „სვანიძის ზეთისხილის“ პროდუქცია. „სვანიძის ზეთისხილის“ დამსახურებით, საქართველო გამოჩნდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების გლობალურ ასპარეზზე/რუკაზე.
პირველი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში აშენდა, საერთაშორისო საბჭოს სტანდარტების მიხედვით. ქართულმა ზეთისხილმა მიიღო საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატი, რომლითაც ექსპორტზე ნებისმიერ ქვეყანაში შეუძლია გასვლა.
საწარმო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის შექმნას, რასაც ადასტურებს ISO 22000 სერტიფიკატი, რომელიც სვანიძის ზეთისხილმა მოიპოვა.
უახლესი