რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული შეზღუდვები ორივე ქვეყნის ვაჭრობას ეხება, ხოლო აშშ-სა და ევროპის სავაჭრო ბარიერების გაძლიერება დამატებით გამოწვევებს ქმნის - წერს Financial Times-ი.
რუსეთში, გაყიდვების მოცულობით უდიდესმა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა - Wildberries-მა, ჩინელი მომწოდებლებისთვის სპეციალური არხი აამოქმედა.
აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნესის სწრაფად ადაპტაციას რუსულ ბაზარზე. სისტემა ამარტივებს ლოკალური მაღაზიების რეგისტრაციას, საბანკო ანგარიშების გახსნას, საწყობების ქირაობასა და ზოგადად, რუსული რუბლის ზონაში ოპერირებას.
ამ მიდგომით, ჩინელ ბიზნესმენებს საშუალება აქვთ ხარჯები შეამცირონ და პირდაპირი წვდომა მიიღონ მილიონობით მომხმარებელზე როგორც რუსეთში, ისე მის მეზობელ ქვეყნებში (შეგახსენებთ, Wildberries-ის პლატფორმა საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა ოქტომბრის ბოლოს, თუმცა უკვე დიდი ხანია ოპერირებს სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში).
რუსეთში ჩინურმა კომპანიებმა დაიკავეს ადგილი, რომელიც საერთაშორისო ბრენდების ნაწილობრივი გასვლის შედეგად გათავისუფლდა. ისინი ფართო სპექტრის პროდუქტებზე მოთხოვნას აკმაყოფილებენ, მათ შორის დაწყებული ელექტრონული მოწყობილობებით, დამთავრებული ყოველდღიური მოხმარების ნივთებით.
სავაჭრო პლატფორმები კი ახალი შესაძლებლობების გაჩენას უწყობენ ხელს, რაც მწარმოებლებსა და მოვაჭრეებს საკუთარი აუდიტორიის მოძიებასა და ბაზრების გაფართოებაში ეხმარებათ.
ბევრმა ჩინელმა მომწოდებელმა ანგარიში გახსნა Wildberries-ის კონკურენტ Ozon-ის საერთაშორისო პლატფორმაზეც და ადგილობრივი რუსული მაღაზიები დაარეგისტრირა.
ეს პროცესი გულისხმობს რუსეთში საბანკო ანგარიშების გახსნას, საწყობების ორგანიზებასა და რუბლით გადახდების დანერგვას. ასეთი მიდგომა ბიზნესს საშუალებას აძლევს, რომ ბაზარზე უფრო ეფექტიანად იმოქმედოს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა საერთაშორისო ბიზნესი რუსეთიდან 2022 წლიდან მასობრივად გადის.
ჩინური კომპანიები დაინტერესებულნი არიან, ჩაანაცვლონ დასავლური კომპანიების გასვლის შედეგად წარმოქმნილი ვაკუუმი.
„დღეს ყველა უფრო მეტ ინვესტიციას დებს რუსულ ბაზარზე, აშშ-სა და ევროპაში სიტუაციის გაუარესების გათვალისწინებით,“ — ამბობს იარონგ ულიუ, ჩინეთის მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის მდივნის მოადგილე, Financial Times-ის მონაცემებზე დაყრდნობით.
გაო ჰენრი, სინგაპურის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორი, აღნიშნავს, რომ ელექტრონული კომერციის სფეროში ორმხრივი ვაჭრობა სწრაფად ვითარდება.
„ჩინური მხარე აშკარად აწყდება ტრადიციული ბაზრების, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, შემცირებას, ხოლო რუსეთისთვის ამ ვითარებაში, ჩინეთი პრაქტიკულად ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს,“ – ამატებს ის.
მიუხედავად ამისა, ჩინელი ბიზნესმენები რიგ სირთულეებს აწყდებიან, როგორიცაა მოგების იუანში გადატანის პრობლემები და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობა. თუმცა, მათი უმეტესობა წარმატებით უმკლავდება ამ გამოწვევებს, რუსეთში ადგილობრივი საწყობებისა და კომპანიების გახსნის გზით. პარალელურად, ჩინური სოციალური ქსელები აქტიურად უწყობენ ხელს ბიზნესის რეგისტრაციის მომსახურებების პოპულარიზაციას რუსეთში, რაც ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შესვლას მნიშვნელოვნად უმარტივებს.
რუსული ონლაინ პლატფორმები აქტიურად განაგრძობენ სტრატეგიების განვითარებას, რათა ჩინელი მოვაჭრეები მიიზიდონ. ისინი მათთვის ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ მათ და მხარდაჭერას უწევენ მზარდ რუსულ ბაზარზე ადაპტაციის პროცესში.
ონლაინ პლატფორმების მზარდი როლის გათვალისწინებით საერთაშორისო ვაჭრობაში, ეს ტენდენცია ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, რომლებიც ჩინეთიდან პროდუქციის მიღების დამატებით შესაძლებლობას იღებენ.
უახლესი
9 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში10 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა