დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის ღვინის მუზეუმი დეგუსტაციის კურსს იწყებს

თბილისის ღვინის მუზეუმი დეგუსტაციის კურსს იწყებს

21-07-2023 20:00:22

Tbilisi Wine Museum /თბილისის ღვინის მუზეუმმა საგანმანათლებლო მიმართულებით მუშაობა გაააქტიურა. ამ ეტაპზე მუზეუმში განაცხადების მიღება დეგუსტაციის კურსზე დაიწყო, რომლის მიზანიც მეღვინეობის დარგის განვითარებაა.

როგორც Business Insider Gerogia- ს ღვინის მუზეუმიდან აცნობეს, 4 ივლისს დაიწყო დეგუსტაციის კურსის ახალი ჯგუფის შედგენა, რომელსაც საქართველოს წამყვანი სომელიეები უძღვებიან.

„კურსის მონაწილეები იღებენ ზოგად ცოდნას მეღვინეობის თითქმის ყველა საკითხზე, როგორიცაა მევენახეობა, ყურძნის ჯიშები, ღვინის ხარისხის შეფასება და სხვა. კურსს ხელმძღვანელობს საქართველოს 2020-2021 წლის პირველი სომელიე და 2023 წლის სომელიეთა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისტი ჯაბა ძიმისტარიშვილი.

ვეხმარებით მსურველებს, რომ ისწავლონ არომატების სწორად აღმოჩენა, გემოვნური თვისებების სწორად შეგრძნება, ღვინისა და კერძის სწორად შეხამება. დეგუსტაციის კურსი მოიცავს ასევე ღვინის ისტორიის გაცნობას 8000 წლოვანი ისტორიის მქონე ექსპონატებთან ერთად, ქვევრის ღვინის დეგუსტაციას, ყურძნის ჯიშები და ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების გაცნობას, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დეგუსტაცია და სხვა. ღვინის დამზადების ტექნოლოგიები-გასვლითი ლექცია და ღვინის დეგუსტაცია მოეწყობა მეღვინეობა ,,ეიფორიაში”, - აცხადებს თბილისი ღვინის მუზეუმის წარმომადგენელი.

დეგუსტაციის კურსის ხანგრძლივობა 4 კვირა-8 ლექცია. კურსის ღირებულება 700 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, თბილისის ღვინის მუზეუმი ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს. სამი წლის განმავლობაში მან არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შეტანილი როგორც ქვეყნის კულტურულ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით. თბილისის ღვინის მუზეუმი 2022 წელს დასახელდა მსოფლიოს 10 საუკეთესო მუზეუმთა შორის.

ეს არის სივრცე, სადაც ვიზიტორებს არა მხოლოდ ქართულ ღვინოზე და კულტურაზე შეუძლიათ სანახაობრივი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღება, არამედ შეუძლიათ ქართული სამზარეულოს გაცნობა, რომელიც მუზეუმის სივრცეში რესტორან არქივის სახით არის წარმოდგენილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები