Tbilisi Outlet Village, რომელიც რეგიონში პირველი აუთლეტია, 2024 წლის დეკემბერში გაიხსნება.
როგორც Business Insider Georgia-სთან Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბილი ისიანმა განაცხადა, Tbilisi Outlet Village-ის ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე 70 ბრენდი, 8 რესტორანი იქნება წარმოდგენილი, მოწყობილი იქნება ასევე 6 კიოსკის სივრცე.
„მსოფლიოში წამყვანი ბრენდების მიერ აუთლეტის ტერიტორიის 70%-ი უკვე ათვისებულია და ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიც Nike-ი და Emporio Armani-ია, აუთლეტში გახსნის დღიდან იქნება წარმოდგენილი, ეს საკმაოდ დიდი გამონაკლისია, რადგან უმეტესად მსგავსი ტოპ ბრენდები აუთლეტში საწყის ეტაპზე არ შედიან, მათი ეს ინტერესი პროექტის მიმართ კი ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია პროექტის მასშტაბი, მსგავსი შოპინგ ცენტრი რეგიონში არ არსებობს“, - ამბობს Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ბილი ისიანის განმარტებით, სალიზინგო ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 7 ბრენდთან: Nike, Puma, Adidas, Emporio Armani, Armani Exchange, DKNY და Pinko.
„პროცესი მუდმივად დინამიკური და ყოველკვირეულად განახლებადია. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ linkedin-ის გვერდზე გვადევნონ თვალი და მიიღონ ინფორმაცია ახალი ბრენდების დამატების შესახებ.
შოპინგისა და გასტრონომიული მიმართულების გარდა, Tbilisi Outlet Village-ში წარმოდგენილი იქნება დიდი ბრიტანეთის საკულტო ჭურჭლის ბრენდი, რომელსაც ამ ეტაპისთვის საიდუმლოდ დავტოვებ და ეს ბრენდი პირველად სწორედ ჩვენთან შემოვა“, - ამბობს ბილი ისიანი.
მისივე თქმით, თბილისში 12.500 კვ/მ-ზე Tbilisi Outlet Village-ის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია 70 ერთეული ობიექტის ყველა ფასადი და სახურავი, მისი მისასვლელი გზები და პირველი და მეორე ფაზის 2000-მდე საპარკინგე ადგილის მშენებლობა.
Tbilisi Outlet Village-ის მეორე ფაზის დასრულება პირველი ფაზის გახსნიდან 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი, რაც საერთო ჯამში 20000 კვ/მ საიჯარო ფართობს და 110 ერთეულ ობიექტს გააერთიანებს.
Tbilisi Outlet Village-ი პირველი რეგიონალური პროექტია, რომელსაც სალიზინგო თუ ბრენდებთან ურთიერთობას დიდი გამოცდილების მქონე მენეჯმენტ კომპანია, მსოფლიოში მსგავსი სავაჭრო ცენტრების ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი TORG-ი უდგას სათავეში.
„ჩვენი პარტნიორი კომპანიის TORG International-ის მეშვეობით მოხდა ჩვენი დაკავშირება მსოფლიოს წამყვან ესპანურ არქიტექტურულ კომპანიასთან L35, რომელსაც არაერთი აუთლეტი აქვს დაპროექტებული, მათ შორის ესპანეთის ყველაზე ცნობილი აუთლეტ ვილიჯები – Roca Village ბარსელონას მახლობლად და Las Rozas Village მადრიდთან.
ხავიერ ფრამისი საკუთარ გუნდთან ერთად პირადად ესტუმრა საქართველოს, მათ ძველი თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, ბათუმი დაათვალიერეს. აღფრთოვანებულები დარჩნენ ტრადიციული და კლასიცისტური ქართული არქიტექტურული სტილით, ორნამენტებით, ძველი უბნების უნიკალური ხასიათით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს არქიტექტურული პროექტის კონცეფციაში თანამედროვე არქიტექტურის ტენდენციებთან ერთად ძველი თბილისის ისტორიული სტილი ყოფილიყო წამოწეული“, - აცხადებს Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ თბილისის რეგიონალური პროექტია და მისდამი საერთაშორისო პარტნიორების დიდი ინტერესი სწორედ მისმა მასშტაბურობამ განაპირობა.
„ჩვენი მთავარი უპირატესობა სტუმრებისთვის შოპინგის ახალი გამოცდილების შექმნაა. თუ აქამდე მოქალაქეები ევროპაში მოგზაურობას მუდმივი ფასდაკლებების გამო აუთლეტებში შოპინგს გარკვეულ დროს უთმობდნენ, დეკემბრიდან Tbilisi Outlet Village-ში შეძლებენ ზუსტად ანალოგიური შეთავაზებების მიღებას.
აუთლეტის კონცეფცია მუდმივ ფასდაკლებებზეა აგებული, რაც ქვეყანაში არსებულ მოლებთან კონკრეტულ უპირატესობაში გვამყოფებს, თუმცა ბრენდის მარკეტინგული ხედვა არ იქნება მხოლოდ ფასდაკლებებზე ორიენტირებული. Outlet Village-ში ისეთ პრემიუმ ბრენდებს შეხვდებით, რომელიც შოპინგ ცენტრებში არ არის, ჩვენთან რეგიონისთვის უნიკალური პრემიუმ ბრენდების მიქსი იქნება თავმოყრილი. Outlet Village-ის არქიტექტურაც და გასტრონომიული მიმართულებაც გამორჩეულია, არსებულ შოპინგ ცენტრებში ვხვდებით ე.წ. Food court კონცეფციას, ჩვენთან კი გასტრონომიული ობიექტები მთელ ცენტრში იქნება მიმოფანტული“, - ამბობს ბილი ისიანი.
Tbilisi Outlet Village-ის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ობიექტის გახსნა ხელს შეუწყობს საქართველოს მსოფლიო რუკაზე როგორც ერთ-ერთი მიმზიდველი საშოპინგო ადგილად მოინიშნოს. პროექტი ხელს შეუწყობს ასევე დედაქალაქის შემოგარენის განვითარებას, მათ შორის ტურისტულად და ინფრასტრუქტურულად და ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელებას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„დღეს საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ტურისტი ნაკლებად ინტერესდება არსებული მოლებით, რადგან მსგავსი საკუთარ ქვეყანაშიც აქვთ, თუმცა განსხვავებული კონცეფციის აუთლეტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებული იქნება. ჩვენი მიზანია აუთლეტის დაახლოებით 40% ტრაფიკის საერთაშორისო და მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტებზე მოდიოდეს.
ჩვენი მიზანია, წარმოვადგინოთ არა მხოლოდ შოპინგ ცენტრი, არამედ გავხდეთ Must Visit Place და ამიტომ ვიწყებთ პარტნიორობას შემომყვან ტურისტულ სააგენტოებთანაც“, - აცხადებს Tbilisi Outlet Village-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
უახლესი
13 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება14 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით