დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი

თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით - ბიძინა ივანიშვილი

10-10-2024 21:35:00

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე ბათუმში საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმებით ჩემო აჭარლებო. მივესალმები ბათუმს, ქობულეთს, ხელვაჩაურს, შუახევს, ხულოს და ქედას. 
მიხარია, რომ კიდევ ერთხელ ვხვდებით ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ვდგავართ ერთმანეთის მხარდამხარ და ვაპირებთ, რომ მომავალშიც გავაძლიეროთ ერთმანეთი და ყველამ ერთად, გავაძლიეროთ ჩვენი საყვარელი სამშობლო. 

აჭარასა და აჭარლებზე საუბარი დიდხანს და დაუსრულებლად შეიძლება, მით უფრო, რომ ეს საოცარი კუთხე ბუნებამ უხვად დააჯილდოვა თვალწარმტაცი ადგილებით, სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის მთა და ზღვა. 
მაგრამ მთავარი ხომ ისაა, რომ აჭარის ხსენებისას ამ ქვეყნის თითოეულ შვილს სითბოთი ევსება გული - სწორედ აჭარაა ის მხარე, სადაც ყოველ ზაფხულს ლამის მთელი საქართველო ერთად იყრის თავს და დაუვიწყარ ემოციებს ვჩუქნით ერთმანეთს. 

და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული კუთხე უნიკალური და გამორჩეულია, აჭარა ერთი-ერთი ყველაზე ქართულად და პატრიოტულად განწყობილი მხარეა, აჭარლების გასაოცარი ტემპერამენტი და პატრიოტიზმი კი საუკუნეების ქარტეხილებმა არაერთხელ გამოცადა.

მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში, ეს საოცარი, თანაც სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონი მრავალჯერ იყო დიდი იმპერიების ბრძოლის საგანი და არაერთხელ მოუკვეთიათ დედა სამშობლოსთვის, მაგრამ თქვენი და ჩვენი დიდი წინაპრების ქართველობის წყალობით, აჭარელ ქალებსა და კაცებს არასდროს განელებიათ საქართველოს სიყვარული, არასდროს შეუწყვეტიათ საკუთარი ენის, ისტორიისა და კულტურის დაცვა, რაც მთავარია, შვილებისთვის გულში საქართველოს სიყვარულის და ქართველობის ჩანერგვა. 

თქვენი იმედიანი, სირთულეებთან შეუგუებელი ხასიათი და თავდადების უნარი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ ვავსებთ ერთმანეთს მამულის, ენისა და სარწმუნოების გარშემო გაერთიანებული საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები და ერთ მუშტად შეკრულ, მრავალფეროვან ერს ვქმნით. 

ეს საოცარი ერთობა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა საქმე ჩვენს ღირსებას და თავისუფლებას ეხება! 
კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო. 

ეს ყველაფერი განსაკუთრებით კარგად იგრძნობოდა აჭარაში, ამ დალოცვილ კუთხეში, რომელიც წინა ხელისუფლებამ საკუთარ სათამაშო ქვიშის მოედნად აქცია – საჯაროდ აცხადებდნენ, რომ აჭარასა და აჭარლებზე ზრუნავდნენ, რეალურად კი საკუთარ ბიზნეს ინტერესს ატარებდნენ და აზრს არაფერში გეკითხებოდნენ, თქვენგან მხოლოდ თავის დახრას და მორჩილებას მოითხოვდნენ. მთელი აჭარა საკუთრებად გაიხადეს და გიკრძალავდნენ, რომ ამაზე რეაქცია გქონოდათ! 

12 წლის წინ დაგპირდით, რომ თქვენი ნდობის შემთხვევაში, ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებდით წართმეულ ღირსებას, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც იმავე რწმენით ვართ, რომ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი. 

ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას; ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან. 

რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ! 

საერთო ჯამში, 2012 წლის 1 ოქტომბერს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით! ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მე მინდოდა შემეხსენებინა, რომ სამი დღის წინ გამოსვლა მთავრობასთან ერთად, იყო ძალიან შთამბეჭდავი, დღესაც ძალიან კარგად მოგახსენათ, თუ რამდენი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. მაგრამ, გარდა პრემიერის გამოსვლისა და შიდა მიღწევებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, კარგად შეიძლება ვნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც. თუ ჩვენი არ სჯერათ, განსაკუთრებით ჩვენს ოპონენტებს - კრიტიკულად უყურებენ ყველაფერს, საერთაშორისო რეიტინგებს მაინც შეხედონ და რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ:

„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2024 წლის ინდექსით, საქართველო კეთილდღეობის 10 წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 11 წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. გახსოვთ, რომ ერთი პარტიის ბელადს, ბიუჯეტი საკუთარი ჯიბე ეგონა და ისე მოიხმარდა, როგორც საკუთარ ჯიბეს და დღეს პირველ ადგილზეა საქართველო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, მსოფლიოს 125 ქვეყანასთან შედარებით

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო თავდასხმებისგან თავისუფლებით, საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. აბა გახსოვთ, სასამართლო როგორ იმართებოდა? - ხელისუფლების გავლენა იმდენად მცირეა დღეს, რომ საუკეთესო ათეულშია საქართველო ევროპაში. 

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა - გახსოვთ რაც ხდებოდა? გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ, როგორ ხოცავდნენ ქუჩაში? გახსოვთ როგორ ძალადობდნენ? – 3 000 პრობაციონერი ჰყავდა საქართველოს მხოლოდ. დღეს საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში, რამდენადაც ის არ ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ეს საამაყოა, რა თქმა უნდა.

სამოქალაქო თავისუფლების 11 წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მეცხრე, ევრაზიის კონტინენტზე მესამე, ევროპაში კი პირველ ადგილზეა. თავისუფალი მოქალაქეები ქმნიან ბიზნესს, თავისუფალი მოქალაქეები ახერხებენ ქვეყანას წარმატება მოუტანონ და ნახეთ, როგორი შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით. 

მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2024 წელს საქართველოში საერთაშორისო სიღარიბის დონე ახალ ისტორიულ მინიმუმამდე მცირდება და მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია. სიღარიბის გაუმჯობესებით, 12 წელში მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია საქართველო - ნუ დაგვავიწყდება ხალხო, რომ 12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში, მაგრამ 12 წლის განმავლობაში, ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს.

როგორც იცით, კიდევ შეგახსენებთ, სამი დღის წინ, ეს პრემიერმა ძალიან კარგად წარმოადგინა თავის გუნდთან ერთად, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს და დღესაც კიდევ ერთხელ მოვისმინეთ; მე თვითონ მიხარია, როდესაც ვუსმენ, ისეთ ციფრებს ასახელებს პრემიერ-მინისტრი. 

ცხადია, მშვიდობა ყველაფრის საფუძველია, რომლის გარეშეც ვერაფერი მიიღწევა, თუმცა ჩვენ მხოლოდ მშვიდობას არ ვიცავთ! ამის მიღმა, „ქართული ოცნება“ განუხრელად ყველა მიმართულებით ატარებს სწორ პოლიტიკას, მოწინავეები ვართ ადამიანთა კეთილდღეობის ინდექსით, ბიუჯეტის გამჭვირვალობით, ქართული მართლმსაჯულება და საზოგადოება სრულიად თავისუფალია ხელისუფლების წნეხისგან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვამცირებთ სიღარიბეს და კიდევ ერთი საინტერესო რამ მინდა მოგახსენოთ: ამ ყველაფერზე დაყრდნობით, ჩვენი სწორი პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით მინდა გითხრათ - თუ როგორ პროგნოზს აქვეყნებს საქართველოსთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდი - ამ უაღრესად ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ 2030 წლამდელი პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზი გამოაქვეყნა, საქართველო კი ათწლიანი ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა მსოფლიოს საუკეთესო სამეულში. 

ერთ სულ მოსახლეზე, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით, საქართველო 2029 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო სამეულში იმკვიდრებს ადგილს, ხოლო ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერია - უპირობო ლიდერია ევროპაში საქართველო 2029 წლამდე ეკონომიკის ზრდის ტემპებით.

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულ მოსახლეზე 2029 წლისთვის 12 900 აშშ დოლარს გადააჭარბებს. ზრდის საპროგნოზო ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2030 წელს 14 ათას აშშ დოლარს გადააჭარბებს და მაღალი ალბათობით გახდება მაღალშემოსავლიანი სტატუსის მქონე ქვეყანა მსოფლიო ბანკის გრადაციით. 2029 წლისთვის საქართველოს ექნება უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, ვიდრე ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას. 
ამ დამაიმედებელი რიცხვების მიუხედავად, ნურავის ექნება ილუზია, რომ მსგავსი შთამბეჭდავი შედეგები თავისით მიიღწევა. პროგრესს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება მუდმივად აჩვენებს, სჭირდება გაფრთხილება და დაცვა. ჩვენი გეგმაა, რომ ღირსეულად, მყარად შევაბიჯოთ ევროპულ ოჯახში და დარწმუნებული ვარ, საქართველოს წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. 

ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ წარმატების, რაც პრემიერმა თქვა, რაც მეც ჩამოვთვალე, რასაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მიაღწია, მაგრამ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნებიც რომ არა, ჩვენი ხალხი, თქვენ ხომ ყველაზე უკეთ ხედავთ, თუ როგორი ქვეყანა იყო საქართველო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ დღეს?!

ხომ კარგად გახსოვთ, რა იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და მათი ბელადის მიერ თავსმოხვეული, ბათუმის აღმშენებლობის ცრუ პროპაგანდის უკან?! 

რეალურად, ამ ულამაზესი ქალაქის და ბათუმელების კეთილდღეობის ხარჯზე, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი მდიდრდებოდა მხოლოდ.

12 წლის წინ დაგპირდით, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად, საქართველოს გამორჩეულ საკურორტო, ზღვისპირა კუთხედ და ქალაქად ვაქცევდით! 
ასეც მოხდა და ამ ყველაფერს თქვენ საკუთარი თვალით კარგად ხედავთ!

უკვე წლებია აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე, აჭარლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, უმასპინძლონ სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ! 

შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის.

ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. 

მათი უცხოელი პატრონების დახმარებით, ისინი მზად არიან 2008 წლის ღალატის მსგავსად, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია, რაც ადამიანების სიცოცხლის, დამატებით, დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა. 

უცხოეთიდან ზურგგამაგრებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც არეულობის საშუალებით ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას და შემდეგ ქვეყნის ომსა და ქაოსში გახვევას. 

ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ესაა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ სჭირდება საქართველოს, რომ 26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. 

სწორედ ამ ერთიანობის ეშინია კოლექტიურ „ნაციონალური მოძრაობას“ ყველაზე მეტად, რადგან „ქართულ ოცნებასთან“ და ქართველ ხალხთან უკვე 12 წელია უშანსოდ მარცხდება, ხოლო 26 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დიდი უპირატესობით გამარჯვება მათი დასასრულის დასაწყისი იქნება – ჩვენ ჯერ კონსტიტუციით ავკრძალავთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ თუ მემკვიდრე პარტიებს, რითაც გზას ახალ, ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს გავუხსნით, შემდეგ კი, ომის დანაშაულის გამო, თითოეულ მოღალატეს უმკაცრესად ვაგებინებთ პასუხს კანონის წინაშე! 
ერთი მხრივ, მხოლოდ ასე შეიძლება დასრულდეს ის თავსმოხვეული პოლარიზაცია, რაც ქვეყანას განვითარებაში უშლის ხელს, მეორე მხრივ კი საზოგადოებას კარგსა და უკეთესს შორის არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცეს!
დღესაც, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ნგრევისა და ღალატის სიმბოლოა, ხოლო „ქართული ოცნების“ სახით ქართველი ხალხი ირჩევს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას. 

ამასთან ერთად, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი მტრების მიერ ქართველი ერის მთავარი დასაყრდენის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლას.
ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და რიგ ორგანიზაციებში გაბნეულმა უცხოეთის აგენტებმა ზუსტად იციან, რომ უსიტყვო მორჩილების მიღწევა მხოლოდ ჩვენი ხალხის მორალური დეგრადაციის, ფასეულობებისგან დაცლის გზით შეუძლიათ. 

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ქართველი ხალხის ურყევ ნებას აუცილებლად ავსახავთ კონსტიტუციაში და არასრულწლოვანთა ინტერებს თუ ოჯახურ ღირებულებებს კიდევ უფრო მტკიცედ დავიცავთ!
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებითაც, რაც კონსტიტუციის დონეზე აისახება! 

მაგრამ ამით, საქართველოში მოქმედ არცერთ რელიგიურ კონფესიას იოტისოდენა ჩრდილიც კი არ მიადგება! პირიქით, ჩვენ ტოლერანტობით განთქმული, მრავალფეროვანი ქვეყანა ვართ და ეს თქვენ არ გესწავლებათ, აჭარლებს – აჭარაში დიდი გამოცდილება, უამრავი მაგალითია დაგროვილი იმისა, თუ როგორ ახერხებენ მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველები, დები და ძმები, ერთად, ჰარმონიულად და ურთიერთპატივისცემით აკეთონ საერთო საქმე - იზრუნონ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაზე.

თავის მხრივ, ჩვენი პოლიტიკური გუნდი კი იყო, არის და მომავალშიც იქნება გარანტი, რომ სახელმწიფო თანაბრად ზრუნავდა და იზრუნებს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა.

დასასრულ კი, კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, თუ რატომ უნდა გამოვიდეთ 26 ოქტომბერს ქუდზე-კაცი და რატომ უნდა მოიპოვოს „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი გამარჯვება; თაობების ოცნება და ჩვენი ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებაა.

სხვა რეგიონებში გამოსვლებისას უკვე არაერთხელ აღვნიშნე, რომ მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენებმა ჩვენი ქვეყნის გარშემო პროცესების სწრაფად და დინამიკურად წარმართვა განაპირობა. შესაბამისად, მივიღეთ რეალობა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის შესაძლებლობა ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაგვიჩნდეს, რისთვისაც საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ახალ რეალობასთან მოყვანა გახდება აუცილებელი. 

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიმართულებითაც ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. ამას მოწმობს მათი ისტერიული რეაქცია შერიგებასა და მშვიდობაზე გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ. 

მათგან ეს არც არის გასაკვირი, რადგან 2008 წელს, ოსებთან და აფხაზებთან გაბმული, ხალხთა შორის ნდობის ჯერ კიდევ სუსტი ძაფები, გარე დავალებების შესაბამისად, უხეშად გაწყვიტეს, ჩვენი ხალხი ერთმანეთს კიდევ უფრო დააშორეს და არსებული უფსკრული გააღრმავეს! 

ამ უფსკრულის ამოვსება მხოლოდ ურთიერთშერიგების, საკუთარი ქმედებების გააზრებისა და ერთმანეთისთვის ხელის გაწოდების გზით არის შესაძლებელი! 

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას წინ ვერავინ აღუდგეს, საკონსტიტუციო ცვლილებებით, დაუყოვნებლივ მოვამზადებთ სამართლებრივ საფუძველს, პარალელურად კი აქტიურად ვიმუშავებთ აფხაზ და ოს ხალხთან შერიგებასა და ნდობის აღდგენაზე.

ასე რომ, 26 ოქტომბერს მარტივი არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რადგან, ყველაფერთან ერთად, უკვე არაერთხელ დამტკიცდა, რომ „ქართული ოცნების“ გარდა, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე, აქვს გამოცდილება და უნარი, რომ სტაბილურობა, კეთილდღეობა, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა უზრუნველყოს. 

მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და ღირსეულად, მშვიდობითა და კეთილდღეობით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. 
ამის საპირისპიროდ, ქვეყნის გარედან, ალტერნატივად გვისახავენ აგენტურას, რომელიც ომს, ნგრევასა და განადგურებას ნიშნავს. 

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის. 
ღრმად მწამს, რომ სამშობლოსათვის გადამწყვეტ ბრძოლაში ამ ულამაზესი კუთხის შვილები მტკიცედ დადგებით საქართველოს ერთიანობის და სუვერენიტეტის სადარაჯოზე!

გაუმარჯოს დამოუკიდებელ, ძლიერ, ერთიან და თავისუფალ საქართველოს! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, - აღნიშნა ივანიშვილმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები