დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს

თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს

14-03-2025 18:00:00

თამბაქოს წარმოების ლიცენზიის აღების ვადა 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწევს. აღნიშნულს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი არიან. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათია აღნიშნული, ცვლილების განხორციელება დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, რომ საკუთარი წარმოება კანონმდებლობის შესაბამისად აღჭურვონ და აიღონ ლიცენზია, ისე რომ არ შეფერხდეს საწარმოო პროცესი.

საგულისხმოა, რომ 2024 წლის 19 ივლისს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომლის თანახმადაც დაწესდა თამბაქოს მწარმოებელთათვის რიგი მოთხოვნები. აღნიშნული განპირობებული იყო მაღალტექნოლოგიური სტანდარტიზებული საწარმოების ფუნქციონირების უზრუნველყოფით, იმისათვის, რომ ამაღლებულიყო მწეველთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები.

ცნობილია, რომ თამბაქოს არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების მიერ ნაწარმის წარმოება ქმნის უდიდეს რისკს მწეველთა ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, მაღალი სტანდარტის მისაღწევად თამბაქოს წარმოება გახდა ლიცენზირებადი საქმიანობა.

ლიცენზირებადი საქმიანობის განხორციელებისათვის მთავრობასა და საწარმოებს მიეცათ გარკვეული პერიოდი, იმისათვის რომ მომზადებულიყო შესაბამისი მთავრობის დადგენილება, რომელშიც გაიწერებოდა აღნიშნული სტანდარტები და შესაბამისად საწარმოები გადაიარაღებულიყვნენ. ცვლილების თანახმად, თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მაძიებელზე ლიცენზია გაიცემა თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პირობებს, მათ შორის, თუ თამბაქოს ნაწარმის ხარისხის კონტროლისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით საწარმო უზრუნველყოფილია საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად აღჭურვილი სათანადო ლაბორატორიით.

„კანონმდებლობით განსაზღვრული ლაბორატორიის მოწყობა დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯებთან და დროის რესურსთან. ლაბორატორიის აღჭურვისათვის საჭირო დანადგარების უმეტესი ნაწილის ადგილობრივ ბაზარზე შეძენა შეუძლებელია. შესაბამისად საჭირო დანადგარების მწარმოებლის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმებული პროდუქციის შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. ლაბორატორიული დანადგარების მწარმოებელი უცხოური საწარმოების მიერ დანადგარების დასამზადებლად და ტრანსპორტირებისათვის განსაზღვრულია სტანდარტული ვადები. ამასთანავე, დანადგარების საწარმოში დაინსტალირებისათვის და ტექნიკურად გამართვისათვის საჭიროა მწარმოებელი ქარხნის ტექნიკური ჯგუფის ჩართულობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ლაბორატორიის მოწყობის პროცესს. იმისათვის რომ სრულად იქნეს შეძენილი ლაბორატორიისთვის საჭირო აღჭურვილობა და მოხდეს მათი ინსტალაცია საჭიროა დაახლოებით 7-9 თვე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

ამ ფონზე კი ცვლილება შედის კანონის 121 მუხლის მე-7 პუნქტში და 2026 წლის პირველ იანვრამდე თამბაქოს წარმოების ლიცენზიის გარეშე საქმიანობად არ ჩაითვლება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონ მე-4 მუხლის 32 პუნქტით განსაზღვრული თამბაქოს წარმოება.

იმავდროულად, წარმოდგენილ კანონპროექტს გავლენა არ ექნება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენას, ვინაიდან თამბაქოს წარმოების ლიცენზიის მოსაპოვებლად 50 000 ლარის გადახდა მწარმოებლებს მოუწევთ 2026 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2025 წლის 1 იანვრისა, ბიუჯეტის მისაღები შემოსავალიც შესაბამისად გადავადდება, რომლის ოდენობაც დამოკიდებული იქნება ლიცენზიის მაძიებელთა მიმართვიანობის რაოდენობაზე.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები