დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ტენდერი რუსულმა კომპანიამ მოიგო

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე ტენდერი რუსულმა კომპანიამ მოიგო

02-10-2023 12:33:44

სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის ტენდერში რუსულმა კომპანიამ გაიმარჯვა, პირველი რეისი 2024 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თვითაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.

როგორც რუსული მედია წერს, ქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარე სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა და 1993 წელს მის დახურვამდე, მაღალი სეზონის განმავლობაში დღეში 5 ათასამდე მგზავრის მიღება შეეძლო.

ოკუპირებული აფხაზეთის ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა აეროპორტის აღდგენისა და ფრენების დაწყების გეგმების შესახებ. მანამდე, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ შეაფასა, რომ აეროპორტს პირველი ფრენების მიღება 2025 წელს შეეძლო.

“იყო ტენდერი, გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ, რომელიც ჩაერთვება აეროპორტის აღდგენაში. პირველი რეისი 2024 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა შამბამ.

მან დასძინა, რომ აფხაზეთს სოხუმის აეროპორტისთვის საერთაშორისო კოდის მიღების იმედი არ აქვს, მაგრამ აეროპორტში რუსული ავიაკომპანიების ფრენების იმედი აქვს.

მიმდინარე წლის ივნისში, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკამ და რუსეთმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმის აეროპორტის საქმიანობის აღდგენის საინვესტიციო პროექტის განხორციელების შესახებ. ივლისის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტმა მეორე და საბოლოო მოსმენით რუსულ-აფხაზური შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენას ითვალისწინებს.

სექტემბრის დასაწყისში ე.წ. აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროპორტის რეკონსტრუქციაზე რუსი ინვესტორებისგან განაცხადებს იღებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები