სებ-ის გადაწყვეტილება გადაუდებლად აუცილებელი, სწორი და ბოლო პერიოდის ყველაზე გაბედული ნაბიჯია, - ასე აფასებს Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი სებ-ის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის 8,25%-მდე შემცირებასთან დაკავშირებით.
როგორც აბაშიშვილი განმარტავს, სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნის ეკონომიკურ აქტივობას რეფინანსირების შემცირებული განაკვეთი ესაჭიროება.
„იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სტაბილურად დაბალინფლაციური გარემოა, თებერვალში და მიმდინარე პერიოდში დაფიქსირებული ინფლაცია კვლავ სოლიდურად ჩამორჩება მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელს, სებ-ის ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, გადაუდებლად აუცილებელი, სწორი, ბოლო პერიოდის ყველაზე გაბედული ნაბიჯია. გადაუდებლად აუცილებელია, რადგან ახლა, სხვა თანაბარ პირობებში ეკონომიკურ აქტივობას რეფინანსირების შემცირებული განაკვეთი ესაჭიროება. სწორი და გაბედულია, რადგან გარდა ზოგადი ვარაუდებისა, არანაირი მიზეზი არ არსებობს ზედმეტად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის, რადგან შემცირებულია ინფლაციური წნეხი ერთი მხრივ, ადგილობრივ წარმოებულ პროდუქციაზე, ხოლო მეორე მხრივ, შემცირებულია ის საგარეო რისკები, რომლებმაც შესაძლოა მყისიერი გავლენა მოახდინონ ინფლაციის პროვოცირებაზე“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.
მისივე თქმით, ეროვნული ვალუტის სტაბილური კურსი მთავარი ფაქტორია პოტენციური იმპორტირებული ინფლაციის დამზღვევად და ინფლაციური მოლოდინების ნაწილობრივი კორექტირებისთვის.
Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ სებ-ი მუდმივად ახდენს მიმდინარე პროცესების თანმიმდევრულ მონიტორინგს და სწორი პროგნოზების ადეკვატურად იღებს გადაწყვეტილებებს.
„ცხადია, ინფლაციური რისკები არსებობს მუდმივად, მაგრამ ჯამური რისკი ფაქტორთა ერთობლიობის გამო მნიშვნელოვნად შერბილებულია. ამასთან, სებ-ის მოქმედებებმა მნიშვნელოვნად დაარწმუნა მოსახლეობა, ბიზნესი, რომ იგი ახდენს მიმდინარე პროცესების მუდმივ და თანმიმდევრულ მონიტორინგს, ახორციელებს სწორ პროგნოზირებას და საჭიროების შემთხვევაში ფლობს შესაბამის ინსტრუმენტებს რისკების კორექტირებისათვის“,- აცხადებს აბაშიშვილი.
უახლესი
3 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი