„კრუიზში“ საგაზაფხულო სეზონი სიახლით დაიწყო. 2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით ოპერირებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს, ინფრასტრუქტურულ სიახლესთან ერთად, ცვლილებებია მენიუშიც, რომელიც უფრო მრავალფეროვანი და მიმზიდველია სტუმრებისთვის და ყველა ტიპის მომხმარებელზეა მორგებული.
„ჩვენი რესტორანი მუდმივად სიახლეების დანერგვის პროცესშია, დროდადრო უმჯობესდება ინტერიერი და გარემო. მიმდინარე წლიდან კომპლექსი „კრუიზის“ მართვას, მთავარი დამფუძნებელი ჩაუდგა სათავეში. უნდა აღინიშნოს, რომ რესტორანს რამდენიმე წლის განმავლობაში სხვა ჯგუფი ხელმძღვანელობდა. 2023 წლის მარტიდან რესტორანი განახლებული გარემოთი, სამზარეულოთი და შოუ-პროგრამით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. ამ ეტაპზე დაგეგმილი გვაქვს განახლებული საზაფხულო ტერასების გახსნა და ველოდებით განახლებულ სივრცეში მომხმარებლებს. ერთმანეთისგან განსხვავებული სივრცეები საშუალებას გვაძლევს, ნებისმიერ სტუმარს მომსახურების შესაბამისი პაკეტი შევთავაზოთ. ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძები, ცოცხალი მუსიკა და მრავალფეროვანი სასიმღერო რეპერტუარი ყველა სახის გემოვნებას ერგება", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
მისი ინფორმაციით, მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნა იზრდება. მიმდინარე ეტაპზე, პანდემიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 50%-ის ფარგლებშია.
„წინა წლებთან შედარებით, თუ გავითვალისწინებთ პანდემიის შედეგებს ქართულ სარესტორნო ბიზნესში, წელს საკმაოდ მაღალია მომხმარებლების მოთხოვნა და დაინტერესება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50%-ით გაიზარდა მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება ფასებს, მუდმივად ვცდილობთ ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად დავარეგულიროთ. წელს განხორციელებული რებრენდინგის ფარგლებში, ვეცადეთ, რომ ფასები დაგვეყვანა მინიმუმამდე. სამომავლოდ საფასო ცვლილებას არ ვგეგმავთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალო ფასებით ვერგებით ქართულ რეალობას და ამგვარად ვიზიდავთ ჩვენს მომხმარებლებს", - აცხადებენ კომპანიაში.
ცნობისთვის, მრავალფუნქციური კომპლექსი ,,კრუიზი” 2008 წლის ოქტომბერში დაარსდა. ეს იყო პირველი სასტუმრო-სარესტორნო კომპლექსი, რომელიც ქალაქ თბილისში გაიხსნა.
უახლესი