დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა მარტივად - რას სთავაზობს ქართული სტარტაპი Pickup-ი ბაზარს

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა მარტივად - რას სთავაზობს ქართული სტარტაპი Pickup-ი ბაზარს

22-02-2024 12:00:00

ქართული სტარტაპი Pickup, რომელიც თბილისში, საცხოვრებელი ბინის კარიდან, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანითაა დაკავებული, საქმიანობის გაფართოებას აპირებს, რისთვისაც ინვესტორებს ეძებს. 

როგორც  Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელი ამირან ანანიაშვილი აცხადებს, Pickup-ი ახალი სერვისის დანერგვასაც აპირებს. 

„თვითონ იდეაც და პროექტიც იმაზე ადრე დავიწყეთ, ვიდრე ხალხი ამისთვის იყო მზად. პანდემიის პერიოდში გართულდა ყველაფრის ორგანიზება, ლოგისტიკა და რეალურად საქმის განვითარებაზე ძალზედ უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, იმის რწმენამ და გაცნობიერებამ, რომ მნიშვნელოვან საქმეს ჩაუყარეთ საფუძველი საბოლოოდ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ვართ Axis Towers-ში, ვემსახურებით მის მცხოვრებლებს და უმარტივებთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვას.

ჩვენი აპლიკაცია მუშა მოდელია, რომელიც კიდევ დახვეწას და განვითარებას საჭიროებს. ფაქტობრივმა საქმემ და მომხმარებლისაგან  მიღებულმა უკუკავშირმა დაგვანახა, თუ რა სურთ ჩვენს მომხმარებლებს, კერძოდ, რა მოლოდინები აქვთ და რა სახის სერვისი ესაჭიროებათ. 20 000-მდე შესრულებული ფიქაფი (ფიქაფი-ნარჩენის გატანა). ყოველივე ამან, მოგვცა უდიდესი გამოცდილება, დეტალებზე დაკვირვების შესაძლებლობა და მომსახურების ხარისხის დახვეწის  და საქმის ცოდნა. დღეს მზად ვართ, ყოველი საცხოვრებელი კომპლექსისთვის შევქმნათ მათზე მორგებული  საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის პროტოკოლი და გაუწიოთ ნარჩენების გატანის მომსახურება.

აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვითვალისწინებთ ნარჩენების სეპარირებას და მათი შემდგომი გადამუშავების შესაძლებლობას. შესაბამისად, Pickup-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს აპლიკაციის შიგნით ჩავაშენოთ სეპარირებული ნარჩენების გატანის მოდული - Pickup Plastic.

მარტივად, რომ ვთქვათ, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად გაიტანოს პლასტიკი (პირველ ეტაპზე). დღეს თუ კი ვინმეს პლასტიკის ჩაბარება სურს (ესენი არიან ძირითადად ეკო-აქტივისტები, გარემოზე და ცირკულარული ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული მოქალაქეები, მოხალისეები - რესპონდენტი) უწევთ სახლში მისი მოგროვება და შემდგომ კონკრეტულ ადგილამდე მისი მიტანა, რისთვისაც ესაჭიროებათ პლასტიკის საკმაოდ დიდ მანძილებზე ტრანსპორტირება, დროის გამონახვა და ხშირ შემთხვევებში რიგშიც დგომა. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები ამ ყველაფერს აცნობიერებენ, იზრდება ადამიანთა რაოდენობაც და რაც ყველაზე მისასალმებელია აღნიშნულ აქტივობებში ჩართულები არიან ახალგაზრდებიც.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მასშტაბით გარკვეულ ადგილებში განთავსდა პლასტიკის ბოთლების ჩასაყლაპი აპარატები მაინც საკმაოდ გართულებულია პლასტმასას ჩაბარების რუტინული პროცედურები.

ჩვენი ამოცანაა მოვაწყოთ სერვისი იმგვარად, რომ მოსახლეობას არ დაჭირდეს სადმე პლასტიკის წაღება. გვინდა, რომ ჩვენი სერვისი მოსახლეობას უფასოდ შევთავაზოთ, ანუ დაგვიტოვებენ პლასტიკს სახლის კართან და ჩვენ გავიტანთ. და სანაცვლოდ მიიღებენ და დააგროვებენ ქულებს Pickup Coins, რომლებსაც მარტივად გამოიყენებენ სტანდარტული ნარჩენების გატანისას, მიიღებენ პლასტმასის შესაგროვებელ ურნებს, პაკეტებს და სხვადასხვა აქსესუარებს, რომლებიც გამოადგებათ ნარჩენების მართვის კუთხით.  როდესაც ისედაც ვემსახურებით კონკრეტულ სახლს, საყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის კუთხით, ჩვენი პიკაპერები (ასე ქვია Pickup-ს კურიერებს)  მიდიან კონკრეტულ ობიექტზე და თავიანთი საქმიანობის დროს მოხდება პლასტიკის გამოტანაც, რაც ხარჯების ოპტიმიზაციაში შეგვიწყობს ხელს.

უკვე გვაქვს მოლაპარაკებები კომპანიებთან, რომლებიც პლასტიკს იბარებენ. თუ ჩვენ რომელიმე დიდი კომპლექსის მომსახურებას დავიწყებთ კომპანიები განალაგებენ პლასტიკისთვის განკუთვნილ ურნებს, რომელიც იქნება ჩაკეტილი და მასთან წვდომა მხოლოდ ჩვენს პიკაპერებს ექნებათ. მოგროვდება სახლებიდან ამ ურნებში პლასტიკი და შემდგომ შემგროვებელი მოახდენს მის ტრანსპორტირებას და ამაში ჩვენ თანხას, უხეში გათვლებით 1 კგ-ში 1 ლარამდე გადაგვიხდიან. ამასთან, შემოსული თანხით დამატებით სუბსიდირება პლასტიკის გატანები - განმარტავს Pickup-ის დამფუძნებელი ამირან ანანიაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 1 წლის განმავლობაში Pickup-ის აპლიკაცია პლასტმასის ჩაბარებისა და ზოგადად ნარჩენების გატანის სურვილით დაახლოებით 150 ოჯახმა გადმოწერა. ეს, ხდება მაშინ როცა არ მიმდინარეობს რაიმე მარკეტინგული ღონისძიებები და მომსახურება მხოლოდ ერთ ლოკაციაზე Axis Towers-ში (ილია ჭავჭავაძის გამზირი 37) არის ხელმისაწვდომი.

„გაფანტულები არიან, რადგანაც სხვადასხვა უბნებიდან იწერენ და ასე მომსახურების გაწევა შეუძლებელი ხდება. ერთთან წავიდეთ პირობითად სოლოლაკში, მეორესთან პირობითად საბურთალოზე. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი საცხოვრებელი კომპლექსები,  მხოლოდ კომპლექსების და მეტნაკლებად დიდი საცხოვრებელი სახლების მომსახურებით, შევძლებთ დავფაროთ მიმდებარე ტერიტორიები და ამგვარად ჩვენი მომსახურება გავხადოთ ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ხელმისაწვდომი,“- ამბობს Pickup-ის დამფუძნებელი.

კომპანიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ნაწილს ნარჩენების გადაყრა უჭირს და ამიტომ ამ მიმართულებით მათ დახმარებას Pickup-ი უწევს.

„ეს არის სერვისი, რომელიც თქვენ გიმარტივებთ ყოველდღიურ რუტინას. თქვენ თუ გიჭირთ ნარჩენების მუნიციპალურ ბუნკერამდე მიტანა ამას აგვარებს ჩვენი სერვისი და პლუს გიტოვებთ ახალ პაკეტებს ყოველი მომდევნო გატანისთვის. 

ზოგადად საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და მათი მუნიციპალურ ბუნკერებში მოთავსების პრობლემა არსებობს თბილისში. ქალაქის სხვადასხვა უბნებში გნებავთ ვაკეში, ვერაზე, გნებავთ საბურთალოზე. მუნიციპალური ბუნკერები მოაშორეს საცხოვრებელ პუნქტებს, მოხდა ბევრ ლოკაციაზე მათი გზების ზედაპირის ქვეშ, მიწაში მოქცევა.

დიდი კომპლექსების შიდა ეზოებში არ დგას  ბუნკერები, რადგანაც ქალაქის დასუფთავების და ნარჩენების შემგროვებელ დიდ სპეც. ტექნიკას მიეცეს შესაძლებლობა დაბრკოლებების გარეშე მოახდინონ ნარჩენების შეგროვება. ამგვარი ღონისძიებები რასაკვირველია მართებულია, აიოლებს ქალაქში, როგორც დიდი ისე მცირე ტრანსპორტის გადაადგილებას, უმჯობესდება სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და ზოგადად უკეთესი ხდება ურბანული სივრცე. ამის პარალელურად რთულდება მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ნარჩენების დიდ მანძილებზე ტრანსპორტირება. აღარაფერს ვამბობ მოსახლეობის იმ კატეგორიაზე რომლებისთვისაც ნარჩენების გადაადგილება 100, 200 და მეტი მეტრის მანძილზე ჯანმრთელობის საკითხებსაც უკავშირდება. ამასთან სამომავლოდ, ნაბიჯ-ნაბიჯ მოსახლეობისთვის  გახდება ნარჩენების სეპარირება სავალდებულო. - ამბობს ამირან ანანიაშვილი.

რაც შეეხება სახლის კარიდან აღებულ და შეგროვებულ ნარჩენის გადაყრას  Pickup-ი მოსახლეობისგან მოშორებით მდებარე მუნიციპალურ ბუნკერებში ახდენს.

Pickup-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, რომ აპლიკაციის მომხმარებელი აკეთებს შეკვეთას მისამართისა და  ნარჩენების პაკეტების რაოდენობის მითითებით. მომხმარებელი მომსახურების შესაბამისად სასურველ დროს  მოათავსებს პაკეტს შესაბამისი დროის მონაკვეთში საცხოვრებელ კართან და კომპანიის კურიერები მოახდენენ მის მაგივრად ნარჩენის გატანას და ბუნკერში მოთავსებას. ბუნკერში მოთავსების შემდგომ მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას, რომ მისი მათი შეკვეთა გატანილია. ასევე კურიერები ადგილზე ტოვებენ ახალ ბრენდირებულ თოკიან პაკეტებს (35 ლიტრი მოცულობა 55*65 სმ) მომდევნო შეკვეთებისთვის.

მომხმარებელი ონლაინ პლატფორმაზე შემოსვლის დროს ირჩევს შემდეგ მომსახურებებს:

ერთჯერადი დილის გატანა ან 15 დღიანი (დღეგამოშვებით) გატანის პაკეტი;

მომხმარებლის მიერ, კურიერის გამოძახების შემდეგ, მომსახურების ტარიფები და ვადები ასეთია:

ერთჯერადი გატანა

მომსახურების დრო - 09:00-11:00

ტარიფი - 1.85 GEL

15 დღიანი (დღეგამოშვებით) გატანის პაკეტი

მომსახურების დრო - 09:00-11:00

ტარიფი - 12.60 GEL

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები