“პეივ ბანკის” თანადამფუძნებლის და გენერალური დირექტორის სალიმ დანანის განცხადებით, საქართველოს საბანკო სისტემა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და საკმაოდ კარგ ფუნდამენტზეა დაშენებული.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო და ქართველი ხალხი საკმაოდ გამოცდილია და მათ ბევრი უნარ-ჩვევები აქვთ.
“ტრანზაქციები საქართველოში ერთ ადამიანზე ძალიან მაღალია, თუმცა როცა ჩვენ წინ ვიყურებით და მომავლისკენ გვაქვს გეზი, ძალიან ბევრი ცვლილება გველის წინ. რა თქმა უნდა, მშპ-ს ზრდა გაგრძელდება და ფინანსური ჰაბი შეიქმნება. იქნება პატარა სავაჭრო დერეფანიც. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო ბიზნესები საქართველოში ჩამოვლენ იმისათვის, რომ აქ დამკვიდრდნენ. გარდა ამისა, საქართველოში არსებულ ბიზნესებს შეეძლებათ ადგილობრივი ბაზრის მიღმა ყურება დაიწყონ”, - აცხადებს სალომ დანინი.
მისივე შეფასებით, “პეივ ბანკი” საქართველოში არსებულ ბიზნესებს საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლაში დაეხმარება.
სალიმ დანანის თქმით, თანამშრომლობა ბიზნესსა და ბანკს შორის აუცილებელია იმისათვის, რომ ორივე წარმატებული იყოს.
“ჩვენ ბიზნესებს ვეხმარებით და შემოგვაქვს ინოვაციურობა. ვიცით, დღეს ბიზნესში რა გამოწვევებს აწყდებიან. ჩვენ მათ ვეხმარებით, რომ უფრო სწრაფად და იაფად მოახდინონ ტრანზაქციები და უფრო მოქნილები იყვნენ”, - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უახლეს ციფრულ ბანკებს - "ჰეშს" და "პეივ ბანკს" კოდები მიანიჭა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული კოდებით ციფრული ბანკები ადგილობრივ და საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობას მიიღებენ. საქართველოს საბანკო სისტემა ჯამში 18 კომერციული ბანკით არის წარმოდგენილი, მათ შორის 3 ციფრული ბანკია.
სებ-ი რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურ საზედამხედველო მიდგომას და ღია რეგულირების პრინციპებს ნერგავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით კი ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საფინანსო სექტორში ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლით კონკურენციის ზრდას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა