„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორის პაატა ცაგარეიშვილის განცხადებით, საქართველოსთვის პარალელური ექსპორტის თემა აქტიურდება. საუბარია რუსეთიდან ჩვენი ქვეყნის გავლით გამავალ ტვირთებზე, რომელიც სავარაუდოდ შემცირდება.
ასეთ შემთხვევაში, როგორც ცაგარეიშვილი განმარტავს, შესაძლებელია აზიიდან ევროპისკენ წამოსული, ე.წ. რივერსული ტვირთების გაზრდა, როგორიცაა საკონტეინერო ნაკადი - ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე ნაყარი ტვირთები.
„ტვირთების დიდი ნაწილი, რომელიც რუსეთიდან ჩვენი დერეფნის გამოყენებით სხვა ქვეყნებში გადის, შეიზღუდება.
როგორც ვიცით, ევროპიდან რუსეთში პირდაპირი შეტანა უკვე არ ხორციელდება სანქციების გამო. ამიტომ რუსეთმა საკანონმდებლო დონეზე გაამარტივა საბაჟო პროცედურები და ხდება დიდი ტვირთნაკადის შეტანა თურქეთი-საქართველოს გავლით, არნახულად გაიზარდა ტვირთნაკადები სომხეთშიც, ხოლო ყაზახეთის მიმართულებით 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 2,5 -ჯერადი ზრდაა.
ასე იშვიათად ხდება, ტვირთებს მყისიერად არ ახასიათებს ზრდა, მაგრამ ევრაზიული კავშირის ქვეყნები - სომხეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი ჩვენს დერეფანს იყენებენ პარალელური სანქციების გამო.
თურქეთმა უკვე გამოაცხადა ევროპიდან ჩვენი დერეფნის გავლით ტვირთების შეჩერების თაობაზე. ყაზახეთი პარალელური გზებით ექსპორტს 1-ელი აპრილიდან შეაჩერებს. ამიტომ ჩვენი მოწოდება უნდა იყოს ნავთობის და ნაყარი ტვირთების მოძრაობის ზრდა, რაც დერეფნის სიცოცხლისუნარიანობას გაზრდის", - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი Business Insider Georgia - თან.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი შუა დერეფნის ფარგლებში ქვეყნის გაზრდილ პოტენციალზეც საუბრობს და დასძენს, რომ ამ საქართველოს 3-4 მილიონ ტონა ტვირთის გატარების შესაძლებლობა აქვს.
„ცენტრალური აზიიდან საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვის ახალმა შესაძლებლობამ წინა პლანზე წამოიწია. ბუნებრივია, ამან მეზობელ ქვეყნებს, ანუ დერეფანში გაერთიანებულ ქვეყნებს შორის, უფრო მეტი კოორდინაციის, მეტი შეთანხმებების და ერთობლივი საქმიანობის პრიორიტეტულობის საჭიროება დაგვანახა.
ყაზახეთის ტვირთნაკადი, რომელიც წამოვა, გაივლის აზერბაიჯანს, საქართველოს და შემდეგ გაიშლება თურქეთის და საქართველოს მიმართულებით. ეს არის პირველ ეტაპზე დაახლოებით 1,5-2 მილიონი ტონა ტვირთი, აქ შესაძლებელია ჩაერთოს აზერბაიჯანის ტვირთნაკადი, ბაქო-თბილისი-ყარსის ტვირთნაკადი, მთლიანობაში ყოველწლიურად 3-4 მილიონი ტონა ტვირთნაკადის გატარების შესაძლებლობა იკვეთება, რომელიც შედის ამ ერთობლივი საწარმოს ფუნქციონირების არეალში და ეტაპობრივი ზრდის შესაძლებლობა გააჩნია“, - განმარტავს ცაგარეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. ქვეყნის მთავრობა პარტნიორ სახელმწიფოებთან ერთად განიხილავს, თუ როგორ მოერგებიან სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები უკრაინის ომის შედეგებს - გააფართოებენ სატრანსპორტო თანამშრომლობა და დაამყარონ ეფექტური პარტნიორობა ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ოქტომბერში თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (შუა დერეფანი) საერთო კრება გაიმართა, სადაც შუა დერეფნის წევრი ქვეყნების სატრანსპორტო უწყებების, სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელი პირები შეიკრიბნენ.
ჯერ კიდევ მაშინ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, იგივე „შუა დერეფანი" საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა თურქეთს შემდგომ ევროპის ქვეყნებს უკავშირდება.
ეგახსენებთ, რომ ასევე ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართველომ და თურქეთმა ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მიზნით, გასულ წელს 2022-2027 წლების საგზაო რუკა დაამტკიცეს, რათა ამ მარშრუტზე საცობების პრობლემა მოგვარდეს. მოსალოდნელია, რომ შეთანხმებების განხორციელების შემთხვევაში 2025 წლისთვის, შუა დერეფნის გამტარუნარიანობა 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს.
იგივე თემაზე:
უახლესი