დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო - ჩეხეთი | ერთა ლიგის პირველი მატჩი თბილისში

საქართველო - ჩეხეთი | ერთა ლიგის პირველი მატჩი თბილისში

07-09-2024 00:58:00

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 7 სექტემბერს, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პირველ მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, მედიის შეკითხვებს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ უპასუხა.

ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩეხეთის და საქართველოს ნაკრებები თითქმის იგივე შემადგენლობით ხვდებიან ხვალინდელ შეხვედრას, როგორც ევროპის ჩემპიონატზე იყო. დაახლოებით იგივე ხასიათის თამაშს ველი. ვიცით, რა კომპონენტებშია გამორჩეული ჩვენი მეტოქე. სამი ქულის მოსაპოვებლად უკეთ უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე. ძალიან რთული შეხვედრა გველის.  

ბოლო პერიოდში დაცვის ხაზში გარკვეული პრობლემები გვქონდა. დავით ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, სოლომონ კვერკველია სიის დასახელების პერიოდში უგუნდოდ იყო. ასე რომ, გამოვიძახეთ ახალი სახეები. ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე, რომელსაც ახალგაზრდული ნაკრებიდან ძალიან კარგად ვიცნობდით. როდესაც ემპოლიში დაიწყო თამაში, გადავწყვიტე, რომ ლოდინი საჭირო აღარ იყო. გუნდთან ერთად უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. მისი ახალგაზრდული ასაკის გათვალისწინებით, ეს არის მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს ახლაც და მომავალშიც.  

ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთელებისთვის საოცარი შეგრძნება იყო. თუმცა, რაც უფრო მეტს მიაღწევ, ყოველთვის უფრო მეტი გინდა. ვფიქრობ, ფეხბურთელებს სწორედ ასეთი მოტივაცია აქვს. ევროპის ჩემპიონატის სახით რაღაც შესანიშნავს მიაღწიეს და მომავალში უფრო მეტის გაკეთების სურვილი აქვთ, რათა კიდევ ერთხელ მოხვდნენ ასეთი დონის ტურნირზე.  

ერთა ლიგა შედარებით ახალი ტურნირია. ზოგიერთი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგისთვის კი ნაკლებად. ბევრი დიდი გუნდი ამ ტურნირს ამხანაგური მატჩებივით უყურებს, რათა მოემზადოს დიდი ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. საქართველოსთვის ერთა ლიგა ორჯერ იყო წარმატებული. ახლა უკვე B ლიგაში ვართ, სადაც ყველა მეტოქე რეიტინგში ჩვენზე მაღლა დგას. ეს არ იქნება ამხანაგური მატჩები ჩვენთვის. ევროპის ჩემპიონატი რთული ტურნირი იყო. ამის შემდეგ, ასეთ ძლიერ გუნდებთან დაპირისპირება კარგია, რადგან ვნახავთ რა გვასწავლა ევროპის ჩემპიონატმა. ეს ერთა ლიგა იქნება ტესტი ჩვენთვის, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად ვისწავლეთ საუკეთესოების წინააღმდეგ თამაში“.

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ჩავატარეთ და ყველას გვეამაყება, თუმცა რთული ჯგუფი გველის. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს. არ უნდა ვიყოთ ზედმეტად თავდაჯერებულები. წარმატება უნდა გვახსოვდეს, თუმცა ახლა გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთა ლიგის მატჩები ახალი მუხტით ვითამაშოთ. არ უნდა დავუშვათ შეცდომა და ვიფიქროთ, რომ ადვილად მოვიგებთ. იოლი თამაშები არ გვექნება და ვნახავთ, რამდენად მზად ვართ ამისთვის. ისევ ისე უნდა ვიშრომოთ და ისევ ისე უნდა გვინდოდეს წარმატება, როგორც ეს ევროპის ჩემპიონატამდე იყო.

ყოველი ახდენილი ოცნების შემდეგ, ახალი ოცნება გაქვს. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება. ჩვენ გუნდს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მსოფლიო დონის ახალგაზრდები გვყავს და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას შევძლებთ. თუმცა, ძალიან გრძელი და ურთულესი გზა არის მსოფლიო ჩემპიონატამდე.  

მიხეილ მესხის სტადიონზე ბოლოს კვიპროსთან ვითამაშეთ. საკმაოდ კარგი გარემო იყო. ჩემთვის უმჯობესია დინამო არენაზე თამაში, თუმცა უმთავრესია სავსე სტადიონზე თამაში. მოცემულ შემთხვევაში, მესხის სტადიონი კარგი ვარიანტია, რადგან სტადიონის გავსების შესაძლებლობა გვაქვს, რომ გულშემატკივრის მუხტი ვიგრძნოთ. მგონია, რომ კარგი არ იქნებოდა ნახევრად სავსე სტადიონზე თამაში“.  

საქართველოს და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები