„პრემიერის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება და შესაბამისად სტუდენტებს და საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ეს ისტორიული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება:
საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული.
სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.
სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს“, - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მისივე ქთმით, უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს – უნივერსიტეტებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებისგან.
„რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნებათ პრობლემა მათთვის მინიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი უფლებამოსილია, მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვას.“
მინისტრის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ფინანსური დავალიანების მიზეზით სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის არსებული დავალიანების განულების თაობაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს უნივერსიტეტებმა.
კერძოდ, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტმა, საქართველოს უნივერსიტეტმა, კავკასიის უნივერსიტეტმა, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, ქუთაისის უნივერსიტეტმა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა (ჯიპა), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, „ნიუ ვიჟენ“ – უნივერსიტეტმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტმა, სასწავლო უნივერსიტეტმა – გეომედი, ალტე უნივერსიტეტმა, თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა, გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ), ევროპის უნივერსიტეტმა, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტმა – „ალტერბრიჯი‘‘, თბილისის თავისუფალმა აკადემიამ და ახალმა უმაღლესმა სასწავლებელმა – „ნიუუნი“.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა