საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით);
• მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით)
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე. და იანგარიშება დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფის გაყოფით, მათ საერთო რაოდენობასთან, - აცხადებენ საქსტატში. გაანგარიშება ეფუძნება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიასა და რეკომენდაციებს, რომლითაც ხელმძღვანელობენ მსოფლიო ქვეყნების სტატისტიკის სამსახურები. საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებული პირები, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი. შესაბამისად გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვით დასაქმებულებს და მათ შემოსავლებს.
„გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა ძირითად ხელფასთან ასევე მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას. ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საწარმოთა და ორგანიზაციების გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც საქსტატის მიერ ყოველკვარტალურად გროვდება მონაცემები 16 000-მდე დაწესებულებიდან. მოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
საქსტატი საშუალო ხელფასის მაჩვენებელს რამდენიმე ათეული წელია ანგარიშობს. მისი მოცულობა ეროვნულ ვალუტაში მზარდია წლების განმავლობაში. ამასთან მნიშვნელოვნად განსხვავებულია დარგობრივ და სქესობრივ ჭრილში. საშუალო ხელფასი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, რაც იძლევა ამ მაჩვენებლით სხვადასხვა ქვეყნების შედარების შესაძლებლობას.
საშუალო ხელფასის სიდიდე დაახლოებით საქართველოს დონეზეა სომხეთში $337, უზბეკეთში $303, აზერბაიჯანსა $431 და თურქეთში $455, ხოლო გაცილებით მაღალია ევროკავშირის ქვეყნებში“ - აცხადებენ საქსტატში.
საშუალო ხელფასის მაჩვენებელი წარმოადგენს დარიცხული ხელფასის მოცულობას, საშემოსავლო გადასახადის სახით და არ უნდა იყოს აღქმული როგორც ხელზე ასაღები თანხის მოცულობა.
ამასთან, საშუალო თვიური ხელფასი არ უნდა იყოს გაიგივებული საშუალო თვიურ შემოსავლებთან, რომლებიც იანგარიშება მთლიანი შემოსავლების ფარდობით, მოსახლეობის რაოდენობასთან. მაშინ როდესაც საშუალო ხელფასის დაანგარიშებისას ხელფასის ფონდი იყოფა დაქირავებულთა რაოდენობაზე.
საქსტატმა დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასის გამოქვეყნება 2022 წლის შემოდგომიდან დაიწყო, რომელიც საშუალო ხელფასისგან განსხვავებით, უკეთ ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას.
რაც შეეხება მედიანურ ხელფასს, მედიანა ზრდადობის მიხედვით დალაგებული მონაცემების შუაში მოქცეული რიცხვია. პირობითად, თუ მაღალი ანაზღაურების მქონე დასაქმებულის ხელფასი გაიზრდება, ეს საშუალო ხელფასზე მოახდენს გავლენას, თუმცა მედიანურ ხელფასზე ნაკლებად იმოქმედებს.
საშუალო თვიური ხელფასის გასაანგარიშებლად საქსტატი ახორციელებს საწარმოებისა და ორგანიზაციების გამოკვლევას, რომლის ფარგლებშიც ყოველკვარტალურად დაახლოებით 15 000 სუბიექტი, ხოლო წლიური პერიოდულობით დაახლოებით 18 000 სუბიექტი გამოიკითხება.
გამოკვლევა ითვალისწინებს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან აგრეგირებული მონაცემების შეგროვებას სახელფასო ფონდის და დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ. აღნიშნული მხოლოდ საშუალო თვიური ხელფასის გაანგარიშების საშუალებას იძლევა და არ არის საკმარისი მედიანური ხელფასის დასადგენად.
როგორც საქსტატში განმარტავენ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებული გამოკვლევის ფარგლებში მედიანური ხელფასის გასაანგარიშებლად, საწარმოებისგან/ორგანიზაციებისგან საჭირო იქნებოდა ინდივიდუალური მონაცემების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა რესპონდენტების ტვირთს. ამიტომ, მედიანური ხელფასის გაანგარიშება მთლიანად ეფუძნება ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს.
უახლესი