„ბოლო 5 წელია კომპანიის გაყიდვები ყველა მიმართულებით 30-40%-ის ფარგლებში იზრდება“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დირექტორმა ზურაბ ჯანელიძემ განუცხადა.
„პროდუქციას საქართველოს მასშტაბით ყველა ქსელურ მარკეტში ვყიდით. დახლებზეა მწვანილი, სალათის ფურცლები, კიტრი-პომიდორი და ბოსტნეულის მიქსები. ჩვენი მეურნეობა 30 ჰექტარზეა განთავსებული, მათ შორის 10 ჰექტარი სათბურს უკავია.
ასევე გვყავს პარტნიორი ფერმერები, რომლებიც ჩვენივე ტექნოლოგიით აწარმოებენ პროდუქციას და მათთან კოოპერირებაში ვართ“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.
მისივე თქმით, „ჰერბიას“ დიდი სურვილი აქვს, რომ პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანოს, თუმცა უწყვეტ მიწოდებას ვერ უზრუნველიყოფს.
„კომპანია „ჰერბია“ 2006 წელს შეიქმნა, რათა დივერსიფიცირება მომხდარიყო და პროდუქცია ევროპის ბაზარზე გაგვეტანა. ევროპული ბაზრის ერთ-ერთი პირობა იყო, რომ უწყვეტი მომარაგება მოგვეხდინა. ამ მიზნით საწარმოში ევროპული სტანდარტი დავნერგეთ, თუმცა ვერ მოვახერხეთ, რომ სხვა ფერმერების მობილიზება მოგვეხერხებინა, რათა მათაც ანალოგიური სტანდარტით ემუშავათ.
იძულებული გავხდით უარი გვეთქვა ევროპული ბაზრისთვის და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გამოგვეტანა, რამაც გაამართლა. ადგილობრივმა ბაზარმა ჩვენი პროდუქცია კარგად მიიღო. ყოველ წელს ვაორმაგებთ წარმოებას, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილობრივი ბაზარი ჯერ კიდევ არაა გაჯერებული.
მოთხოვნა მზარდია, თუმცა კომპანია ვერ იზრდება იმ ტემპით, რომ პროდუქცია ევროპის ბაზარსაც მიაწოდოს. თუკი საქართველოში მოხდება კოოპერირება, ევროკავშირის ბაზარზე გასვლას ვფიქრობთ. ადრე შემოდგომასა და გვიან გაზაფხულზე ვახორციელებდით ექსპორტს ბულგარეთში, თუმცა ორი წელია რაც პროდუქცია აღარ გადაგვიგზავნია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება.
უახლესი