2024 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 0.4 პუნქტით შემცირდა და 17.7-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-15.1) სექტორში დაფიქსირდა.
„BCI-ის უარყოფითი ცვლილება გაუარესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა, - ამის შესახებ ISET Policy Institute-ის ბიზნესის განწყობის კვლევაშია ნათქვამი.
მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 5.0 პუნქტით შემცირდა და 2024 წლის I კვარტლისთვის 18.0-ს გაუტოლდა.
მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუარესება ვაჭრობის (-28.6) და მრეწველობის (-16.3) სექტორებში დაფიქსირდა.
ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 34.8 პუნქტამდე შემცირდა.
2024 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი შემცირება დაფიქსირდა ვაჭრობის (-23.8) და მრეწველობის (-8.2) სექტორებში.
გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.8-ით გაიზარდა და 18.4 პუნქტს მიაღწია.
„ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, მცირედით გაიზარდა“, - ნათქვამია კვლევაში.
უახლესი