დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ მცირდება ქვეყანაში რძის წარმოება - „შირაქის“ დამფუძნებლის განმარტება

რატომ მცირდება ქვეყანაში რძის წარმოება - „შირაქის“ დამფუძნებლის განმარტება

19-02-2025 13:00:00

სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ეტიკეტირებული პროდუქცია მიიღონ რესტორანმა, სახაჭაპურემ და სხვა ობიექტებმა, რაც ნედლ რძეზე მოთხოვნას გაზრდის, - ასე ხედავს კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელი ნიკოლოზ ბენიაიძე რძის წარმოების დარგში არსებული პრობლემების გადაჭრის გზას. 

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მეწარმემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბაზარზე ნედლ რძეზე დეფიციტია, მასზე მოთხოვნა მაინც შემცირებულია. 

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ნედლი რძის დეფიციტია, მოთხოვნა მაინც ნაკლებია. ეს იქიდან გამომდინარეა, რომ შემოტანილი რძის ფხვნილი არის შედარებით იაფი, პროდუქციის სრული რაოდენობა არ არის ეტიკეტირებული, მომხმარებელი არის შეცდომაში შეყვანილი, რადგანაც ყიდიან როგორც ყველს. ასევე, მოსახლეობაშიც შემცირდა პირუტყვის რაოდენობა, იმიტომ, რომ ფერმერები 1 ლიტრ რძეში სათანადო ფასს ვერ იღებენ. სულადობის შემცირება ერთ-ერთი ფაქტორია იმისა, რომ ნედლი რძის წარმოება შემცირდა. 

ყველა რეგულაცია, რაც არსებულ ვითარებას გამოასწორებდა ძალაშია შესული. მაწვნის საკითხია სამომავლოდ ასამოქმედებელი. ე.წ. საკოლმეურნეო ბაზრებში არა ეტიკეტირებული პროდუქციაა განთავსებულია და ბაზარზე არიან ძალიან ბევრი ფალსიფიკატორები, რომლებიც ამოფარებული არიან რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 5 ძროხამდე ფერმერი განთავისუფლებულია სავალდებულო წესების ამოქმედებისგან, იგივე „ჰასპის“ დანერგვისგან. ამიტომ ეს არარეგისტრირებული საწარმოები ნაწარმს რეალურად ფხვნილისგან აწარმოებენ და ნედლ რძეზე აღარ არის მოთხოვნა. მოთხოვნა, რომ აღარ არის მოსახლეობა ყიდის ძროხებს“, - აცხადებს „შირაქის“ დამფუძნებელი.

ნიკოლოზ ბენიაიძის თქმით, 1 ლიტრ ნედლ რძესა და ფხვნილისგან დამზადებულ იგივე მოცულობის რძეს შორის ფასთა შორის სხვაობა 20-დან 40 თეთრამდეა. 

„1 ლიტრ რძეზე 20-40 თეთრშია სხვაობა. ანალოგიურად, რომ გადავიყვანოთ, 1 კგ-ს ყველს თუ სჭირდება 8-9 ლიტრი რძე, კი გამოდის 3 ლარიანი სხვაობა. ერთის მხრივ მომხმარებელია შეცდომაში შეყვანილი და მეორეს მხრივ რისგან ამზადებენ -  ამასთანავე, საშიშია ეს პროდუქტები. ასევეა, მესამე ფაქტორი, დარგისთვის ძალიან კარგი პროგრამა აქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფერმერების მოსაწყობად და პირუტყვის მოსაშენებლად. საუბარია, 7 წლიან 5 მლნ-იან იაფ სესხზე, თუმცა ფერმერები ვერ რისკავენ იმის გამო, რომ  ამდენი ხელისშემშლელი ფაქტორია. ბაზარი არის დაუცველი. ეტიკეტირებულ პროდუქციას არ იღებენ რესტორნები, სახაჭაპურეები და ეს ყველაფერი იწვევს იმას, რასაც იწვევს“, - ამბობს  ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისვე თქმით, ფალსიფიცირებული პროდუქციის პრობლემა არამხოლოდ საკოლმეურნეო ბაზრებში, არამედ სუპერმარკეტებშიც დგას. 

„სუპერმარკეტების მაგალითზეც გამოვლენილია რეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად ურევდნენ ფხვნილს და მცენარეულ ცხიმებს. 

მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს უნდა უფრო კომპლექსური მიდგომა, მხოლოდ ჯარიმებით არაფერი არ გამოვა, ეს უნდა იყოს მთელი ჯაჭვი და სავალდებულო უნდა გახდეს, რომ ეტიკეტირებული პროდუქცია მიიღონ რესტორანმა, სახაჭაპურემ და სხვა ობიექტებმა, რაც გაზრდის ნედლ რძეზე მოთხოვნას“ , - აცხადებს შირაქის დამფუძნებელი. 


წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 102.5 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.2 პროცენტით ნაკლებია. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 570.7 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 2.3 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს, როგორც საქსტატის რელიზიდან ირკვევა, გასული წლის IV კვარტალში რძის წარმოებამ 104.8 მილიონი ლიტრი შეადგინა.

2023 წლის რძის წარმოების წლიური მაჩვენებელი 584.3 მილიონი ლიტრით განისაზღვრა, რაც 3.5 პროცენტით აღემატება 2022 წლის შედეგს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები