დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასის მოცულობა

რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასის მოცულობა

11-03-2025 11:00:00

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა გაიზარდა. 2025 წლის თებერვლის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 6 305,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ იანვრის მაჩვენებლებთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 0,3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში 14%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის იანვარში მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა 6 284,1 მლნ ლარი იყო, ხოლო 2024 წლის იანვრის ბოლოსთვის კი         5 520,7 მლნ ლარი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.

იანვარში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 332.9 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 50.0 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი 349.5 მლნ ლარით შემცირდა. იანვარში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, იანვარში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 299.6 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 6,635.6 მლნ ლარს გაუტოლდა. იანვარში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 323.6 მლნ ლარით შემცირდა, მეტწილად ეროვნული ვალუტის დეპოზიტების შემცირების გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 870.1 მლნ ლარით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. 

 

 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები