მსოფლიოში ყველაზე დიდმა საკონტეინერო გემმა MSC Irina-მ ოპერირება დაიწყო. გემი ლიბერიის დროშის ქვეშ დაცურავს. ეს არის პირველი, ექვსი ულტრა დიდი გემიდან, რომელიც ჩინურმა Jiangsu Yangzijiang Shipbuilding Group -მა კომპანია MSC- Mediterranean Shipping Company-ს (მედიტერანიან შიპინგ კომპანი) დაკვეთით ააშენა.
დღესდღეობით MSC Irina ყველაზე დიდი კონტეინერმზიდია მსოფლიოში, რომელსაც 24,300 TEU -ზე მეტი კონტეინერის გადაზიდვა შეუძლია. საუბარია სტანდარტულ 20 ფუტიანი კონტეინერების ტევადობაზე.
MSC Irina-ს აღნიშნული სახელი - ქართველი ირინა ინაიშვილის გამო მიენიჭა, რომელიც ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს სინგაპურში და მისი საქმიანობაც ასევე საზღვაო ინდუსტრიასთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ MSC საქართველოში მრავალი წლებია კომპანია MSC Georgia-ს სახით ოპერირებს. რომლის პარტნიორი და დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ ჯემალ ინაიშვილი.
ვინაიდან ზოგადად გემებს ოდითგანვე ქალის სახელს არქმევენ, კომპანია MSC-ის შემთხვევაშიც ყველა მათ საკუთრებაში არსებულ გემს მხოლოდ ქალის სახელი მიენიჭება.
ჯემალ ინაიშვილის თანამშრომლობა MSC-თან 1996 წლიდან იწყება და მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და განვითარებაში რეგიონში. შესაბამისად, მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და ღვაწლის დაფასების მიზნით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ახალ აშენებული გემისთვის მისი ქალიშვილის, ირინას სახელი დაერქმიათ.
„ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მსოფლიოში უდიდეს საკონტეინერო გემს ჩემი სახელი მიენიჭა, რაც თავის მხრივ მამაჩემის, ჯემალ ინაიშვილის დამსახურების გამოხატვაა, რომელიც MSC-თან წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობს.
მეც საზღვაო მიმართულებით კარიერას ახლა ვიწყებ და ვიმყოფები სინგაპურში, სადაც ვმუშაობ ერთ-ერთ საერთაშორისო საზღვაო და ლოგისტიკურ კომპანიაში.
სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ ვაპირებ დავბრუნდე საქართველოში და გავაგრძელო აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს ირინა ინაიშვილმა.
MSC Irina-ს მშენებლობა 2021 წლის ნოემბერში დაიწყო, ხოლო დოკის აწყობა 2022 წლის ივნისში.
2023 წლის 22 მარტს "MSC IRINA" -მ დაიწყო ოპერირება და პირველად შევიდა Shandong Qingdao -ს ნავსადგურში და დააფიქსირა ულტრადიდი გემების რეკორდი ამ პორტში.
დღეისთვის MSC Irina არის ყველაზე დიდი საკონტეინერო გემი TEU-ს მოცულობის თვალსაზრისით - 24,346-ზე მეტი და მისის ძირითადი მონაცემებია.
• ტვირთამწეობა: 240,000 DWT
• TEU: 24,346
• სიგრძე: 399,9 მეტრი
• სიგანე: 61,3 მეტრი
კომპანია MSC-ის შესახებ:
MSC (Mediterranean Shipping Company S.A.) არის მსოფლიოში წამყვანი საკონტეინერო საზღვაო კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია.
კომპანის აქვს 675 ოფისი მსოფლიოს 155 ქვეყანაში და მუშაობს 150 ათასზე მეტი თანამშრომელი. მისი გემები 260-ზე მეტ საერთაშორისო საზღვაო-სავაჭრო მარშრუტზე ცურავს. მის საკუთრებაშია 730 ხომალდი, და ის ფლობს 4,6 მ საერთაშორისო სტანდარტების კონტეინერზე (TEU) მეტს. ყოველ წლიურად გადააქვს 23 მ TEU -ზე მეტი კონტეინერი.
უახლესი