სებ-მა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი "ფასტფეი" 42 ათასი ლარით დააჯარიმა. როგორც ეროვნული ბანკის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარეგულირებლის მიერ ხუთი დარღვევის დაფიქსირება მოხდა.
„განხორციელდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შპს „ფასტფეი“-ს (ს/ნ 405273289) დაჯარიმება 42,000 ლარის ოდენობით, კერძოდ:
1. შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო;
2. 2 კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ხელმძღვანელობისგან პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან/და გაგრძელების თაობაზე ნებართვის არ ქონის გამო;
3. 4 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანებით განსაზღვრული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგებით (კერძოდ 2022 წლის პირველი და მეორე და 2023 წლის პირველი და მეორე ნახევრის ანგარიშგება) საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა;
4. 2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.
5. 1 შემთხვევაში გამოვლინდა პროვაიდერში პროგრამული სისტემის მნიშვნელოვანი ხარვეზებით ფუნქციონირების შემთხვევა“, - აღნიშნულია სებ-ის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია FASTPAY საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელიც დაარსდა 2018 წელს. ელექტრონული საფულე FASTPAY საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ერთიანი ანგარიშსწორების უნივერსალურ სისტემას, რომლითაც ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი სწრაფად და უსაფრთხოდ განახორციელებს ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს. ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ფასტფეის ქმედებებზე.
კომპანიის მისიაა, დანერგოს ფულის ელექტრონულად მართვის თანამედროვე ტენდენციები საქართველოში და გაუადვილოს საკუთარ მომხმარებელს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები. ელექტრონული საფულე ორიენტირებულია, როგორც საკუთარი სერვისების მოხმარების სიმარტივეზე, ასევე ანგარიშსწორების უსაფრთხოებაზე, რაც მისი მომხმარებლებისათვის დამატებით ღირებულებას წარმოადგენს.
უახლესი