ლოკოკინების გადამამუშავებელი საწარმო “აბბე ტიმეო” 2024 წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, წარმოების დღეს არსებული მაჩვენებლები პროგნოზებთან წინასწარ არსებულ ბიზნესგათვლებთან თანხვედრაშია, თუმცა საჭიროა ცნობიერების ამაღლება, რათა საწარმომ წარმადობა გაზარდოს, ხოლო ადგილობრივმა მოსახლეობამ დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
„არსებული წარმოების მაჩვენებლები დაახლოებით ისეთია, როგორსაც ველოდით. მომავალ წლებში გვინდა, რომ უფრო დავსტაბილურდეთ და უფრო სტაბილური ბიზნესი გახდეთ. ეს არის ძალიან ახალი ბიზნესი საქართველოსთვის. მთელს მსოფლიოში ძალიან იშვიათი საქმიანობა. რთული ნოუ ჰაუა და ჯერ კიდევ სწავლის და სტაბილიზაციის ეტაპზე ვართ.
იმისათვის, რომ ბიზნესი კიდევ უფრო გაფართოვდეს საჭიროა ცნობიერება ამაღლდეს და სწორი სამუშაო კულტურა შეიქმნას. ჩვენ რეალურად ყველაზე დიდი პრობლემა გაქვს საწარმოში მომუშავე მუშახელი და ეს მუშახელი უნდა გაიზარდოს რაოდენობრივად და კიდევ უფრო მეტად გაიწაფონ იმ საქმეში, რასაც ემსახურებიან“, - აცხადებს გიორგი ქადაგიძე.
საწარმო ველური ბუნებიდან აკრეფილ ლოკოკინებს იბარებს. “აბბე ტიმეოს“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეს არის ინვაზიური ჯიშის, ანუ ველური ლოკოკინა, რომელიც სწრაფად მრავლდება, ანადგურებს ფერმებს, ვენახებს, ბოსტნებს.
„ადრე მოსახლეობა საკუთარი ეზოებიდან თუ ამ ლოკოკინას აგროვებდა, ნაგავში ყრიდა და წვავდა, ახლა უკვე ჩვენ გვაბარებენ. მათი შეგროვება უმეტესად ხდება ქართლსა და კახეთში. დაახლოებით 15 ჩამბარებელი პუნქტი გაქვს და იქ მოაქვთ და გვაბარებენ“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
“აბბე ტიმეო” ლოკოკინების ექსპორტს უკვე თითქმის 2 წელია ახორციელებს და პროდუქციას საფრანგეთში ყიდის.
„ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები საკმაოდ მიზერული გაქვს, ექსპორტზე მოდის ჩვენი წარმოების 99.9%-ი. ექსპორტზე გაგვაქვს ნახევარფაბრიკატები, მოხარშული ხორცი და სტერილიზებული ნიჟარა.
ჩვენ გვაქვს ლოკოკინას გადამამუშავებელი საწარმო, ერთადერთი ამიერკავკასიაში. ვყიდულობთ, ვიბარებთ ველურ ლოკოკინას, ამის შემდეგ მას ვამუშავებთ და გაგვაქვს ექსპორტზე საფრანგეთში.
დღეისათვის წარმოება თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი და ჯერ მაინც სტარტაპი ვართ და სტაბილიზაციის პერიოდი გვაქვს. დაახლოებით 250-300 თანამშრომელი გვყავს ამ დროისათვის“, - განმარტავს “აბბე ტიმეოს“ აღმასრულებელი დირექტორი.
"აბბე ტიმეოს" საწარმო მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში 2022 წლის მაისში გახსნა. როგორც გიორგი ქადაგიძე ამბობს, პროექტში დაახლოებით 7 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, აქედან 3-4 მლნ ლარი სესხია, მეტწილად არის იაფიანი აგროკრედიტი, რაშიც კომპანიას სოფლის განვითარების სააგენტო დაეხმარა.
უახლესი