დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლევან დავითაშვილმა Wizz Air-ის პრეზიდენტ რობერტ კერისთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

ლევან დავითაშვილმა Wizz Air-ის პრეზიდენტ რობერტ კერისთან სამომავლო თანამშრომლობა განიხილა

08-09-2023 12:07:41

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, უნგრული ავიაკომპანიის Wizz Air - ის პრეზიდენტს, რობერტ კერის შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

Შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე არსებული ვითარება. ვიცე-პრემიერმა უნგრული ავიაკომპანიის ხელმძღვანელს მიაწოდა ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ, სადაც უნგრული ავიაკომპანია არის ბაზირებული. აღინიშნა, რომ ქუთაისის აეროპორტში 18 თვეში ექსპლუატაციაში იქნება შესული 3.5 კმ. სიგრძის, ფართო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს ნებისმიერი ზომის საჰაერო ხომალდს და შექმნის მეტი ავიარეისის მიღების შესაძლებლობას. ასევე ყურადღება გამახვილდა ავიაციის სწრაფი აღდგენის ტენდენციებზე საქართველოში, რაც დადებითად აისახა ქვეყანაში ტურისტული სფეროს განვითარებაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებაა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს და შეთანხმდნენ საქართველოს მოქალაქეების Wizz Air - ში დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების ერთობლივ შემუშავებაზე. გამომდინარე იქიდან, რომ უნგრული ავიაკომპანია ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში, შემუშავდება ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში პროფესიულ განათლების განვითარებას, მეორე მხრივ კი, საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ისეთ მსხვილ ავიაკომპანიებში დასაქმების შესაძლებლობას, როგორიცაა Wizz Air.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ავიაკომპანიის საქმიანობა საქართველოში. ავიაკომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა, რომ ქუთაისის მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია Wizz Air - ისთვის, საიდანაც მგზავრთნაკადმა 2019 წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ითქვა, რომ Wizz Air - ი საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოწინავე ადგილს იკავებს მგზავრების გადაყვანის კუთხით. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდის დამატების საკითხი. ითქვა, რომ 2023 წლის პირველი დეკემბრიდან დაგეგმილია ავიაკომპანიის მეოთხე ბაზირებული ხომალდით ოპერირების დაწყება ქუთაისის აეროპორტში 1 (ერთი) ახალი ევროპული მიმართულებით - კოპენჰაგენი, რის შედეგადაც ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებული მიმართულებების ჯამი 28-ს შეადგენს, მათ შორის, 20 მიმართულება კი ბაზირებული საჰაერო ხომალდით შესრულდება.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები