ბოსტნეულის კულტურებს შორის ხახვი ერთ-ერთი პროდუქტია, სადაც წარმოების ზრდა წელსაც გამოწვევად რჩება. როგორც აღმოჩნდა, პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ ეხება და წარმოების სიმცირე სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდა. რაც საბოლოოდ იმპორტის შეზღუდვას იწვევს.
როგორც „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი რუსუდან გიგაშვილი Business Insider Georgia- ამბობს პროდუქტის მაღალი ფასიც მეტწილად ამ პრობლემითაა გამოწვეული.
„ბოლო პერიოდში პრობლემა იყო ხახვის წარმოებასა და რეალიზაციაში, რაც წელსაც რჩება გამოწვევად. ადგილობრივ პროდუქტთან მიმართებით ამას ნათესი ფართობების სიმცირე განაპირობებს, რაც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.
ხახვის წარმოება მთელ მსოფლიოში კლიმატური პირობების გამო შემცირებულია. შესაბამისად, იმპორტი შეიზღუდა, მათ შორის, აზიური ქვეყნებიდანაც.
გასულ წლებში კი ბაზარზე ქართული ხახვი ფასიდან გამომდინარე იმდენად უკონკურენტო იყო, რომ ფერმერებმა წარმოება შეამცირეს, რასაც მოსავლის კლება მოჰყვა, ხოლო შემდეგ უკვე გაჩნდა დეფიციტი. ამდენად, ხახვის ბაზარზე დისბალანსი მომავალ წელსაც შენარჩუნდება. შემოდგომაზე ადგილობრივი ნაწარმი იქნება ბაზარზე, მაგრამ ეს ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის", - აცხადებს რუსუდან გიგაშვილი.
საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.
ცნობისთვის, ხახვის იმპორტში მოწინავე პოზიციაზე რუსეთია, საიდანაც საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 1.6 მლნ დოლარის 4 249 ტონა ხახვი შემოვიდა. მეორეა აზერბაიჯანია, საიდანაც 703 ათასი დოლარის ღირებულების 1 869 ტონა ხახვი შევისყიდეთ. თურქეთიდან 882 ტონა ხახვი შემოვიდა, რისთვისაც საქართველოდან 336 ათასი დოლარი გავიდა.
უახლესი
1 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს2 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“