დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია შეიცვალა -   რა ღირს ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპური

ხაჭაპურის ინდექსის კლების ტენდენცია შეიცვალა - რა ღირს ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპური

30-09-2023 05:09:16

2023 წლის სექტემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.88 ლარი შეადგინა. ISET-ის ინფორმაციით, 2023 წლის ივნისიდან ხაჭაპურის ინდექსში ზრდის ტენდენცია შეინიშნება: ივნისთან შედარებით ხაჭაპურის ფასი 4.7%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, მეტწილად, გასული სამი თვის (2023 წლის ივნისი-სექტემბერი) განმავლობაში ყველის ფასის 10.6%-იანი ზრდით აიხსნება. ტრადიციულად, შემოდგომის მოახლოებასთან ერთად, რძის პროდუქტების ფასები იზრდება, რადგან საჭირო ხდება ცხოველებისთვის საკვები დანამატების მიწოდება.

„მიუხედავად იმისა, რომ რძის პროდუქტების ფასებისა და ხაჭაპურის ინდექსის სეზონური ზრდა შეინიშნება, წლიურ ჭრილში ხაჭაპურის საშუალო ფასი 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით 8.3%-ით დაბალია. ფასების დინამიკის უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა, რომ 2022 წლის სექტემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა ყველისა (-13.8%) და ფქვილის (-4.6%) ფასები. აღსანიშნავია, რომ გასული ზაფხულის გვალვამ საქართველოში ყველი და რძის პროდუქტები მნიშვნელოვნად გააძვირა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი შედარებით ხელსაყრელმა ამინდის პირობებმა ფასების სტაბილიზაციას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ხორბლის ფასმა 2022 წლის პიკთან შედარებით კლება აჩვენა. ხაჭაპურის ინდექსის ორი ძირითადი ინგრედიენტის ფასის შემცირებასთან ერთად, ყველა სხვა ინგრედიენტის ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა: რძე (+3.8%), საფუარი (+10.9%). კარაქი (+9.9%), კვერცხი (+4.1%)“, - აღნიშნულია ISET-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

საშუალო ფასების გათვალისწინებით, ამჟამად ხაჭაპურის ინგრედიენტები ყველაზე ძვირი ბათუმშია. ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება აქ 6.26 ლარს შეადგენს, რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. ამავდროულად, თბილისში ერთი ხაჭაპურის მომზადება 5.66 ლარი ღირს, რაც დედაქალაქს ყველაზე ხელმისაწვდომ ლოკაციად აქცევს. ყველაზე ძვირ (ბათუმი) და ყველაზე იაფ (თბილისი) ქალაქებს შორის ღირებულებაში 0.6 ლარის სხვაობა ტურისტული სეზონით აიხსნება, რადგან ბათუმთან შედარებით თბილისი ტურისტებისთვის სექტემბრის პირველ ნახევარში ნაკლებად მიმზიდველია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები