2023 წლის პირველი კვარტალი ,,კავკასიის ავტოიმპორტისთვის" განსაკუთრებით აქტიურია. კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 15-20 %-ით გაიზარდა.
როგორც Business Insider Georgia- თან ,,კავკასიის ავტოიმპორტის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, მიმდინარე წელს მთლიანად ბაზრებზე ინტენსიური მოთხოვნაა, რაც კომპანიის საქმიანობაზეც ადეკვატურად აისახა.
„მოთხოვნა გაზრდილია ფაქტობრივად ყველა ბაზარზე - აზერბაიჯანის ბაზრით დაწყებული, ტაჯიკეთით დამთავრებული. ჩვენს შემთხვევაში, რეალიზაციამ 15-20%-ის ფარგლებში მოიმატა.
მნიშვნელოვანი ზრდაა უკრაინის ბაზარზე, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. თამამად შეიძლება საუბარი, რომ ავტობაზარზე ვითარება უმჯობესდება.
„კავკასიის ავტოიმპორტის“ წილი ბაზარზე 40%-ის ფარგლებში მერყეობს. ვცდილობთ, გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ, სერვისებს ვხვეწავთ, გავდივართ საერთაშორისო ბაზრებზეც, სადაც ასევე სოლიდური წილი გვიჭირავს", - ამბობს გიორგი სურგულაძე.
კომპანიაში მთლიანად 550 თანამშრომელია, აქედან 370 ადამიანი საქართველოს ბაზარზეა დასაქმებული.
როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, ეს არიან მაღალანაზღაურებადი კადრები, რომელთა შრომის ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალური საშუალო ხელფასია საქართველოში.
ცნობისთვის, „კავკასიის ავტოიმპორტი“ ყველაზე მსხვილი ავტო იმპორტიორი კომპანია და უპირობო ლიდერია კავკასიის რეგიონში. 20–წლიანი წარმატებული ისტორიის განმავლობაში კომპანიამ მოახდინა ასეულ ათასობით ავტომობილის იმპორტი და რეალიზაცია, ჩამოაყალიბა ფილიალების ფართო ქსელი (40-ზე მეტი ფილიალი) საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
უახლესი