დოჰაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრში მდებარე ,,ვილა მოსავლის“ ფილიალში დატვირთულობა დიდწილად ტურისტულ აქტივობებზეა დამოკიდებული.
ამ თვალსაზრისით, მიმდინარე სეზონი მაღალი მოთხოვნით არ გამოირჩევა, თუმცა ზამთრის სეზონიდან ეს მოცემულობა სავარაუდოდ საპირისპიროდ შეიცვლება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი ნიკოლოზ შეყრილაძე საუბრობს.
მისი თქმით, მთლიანობაში, მიდგომამ გაამართლა და კატარში მდებარე რესტორანი საკმაოდ წარმატებულია, განსაკუთრებულ იმედს კი ზამთრის ტურისტულ სეზონზე ამყარებს. ამასთან, დოჰაში, მეორე რესტორან „ალტერასსაც“ ფლობენ, რომელიც ტურისტულ ქუჩაზე გაიხსნა და საშუალო სეგმენტზეა გათვლილი.
„ქართული რესტორნები დოჰაში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერთობლივი კაპიტალით გაიხსნა. ბრენდის კონცეფცია სრულად არ გადაგვიტანია, მხოლოდ რესტორნით ვართ წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ პოტენციალი დიდია, ამ ეტაპზე კატარში არ არის აქტიური ტურისტული სეზონი, ძალიან ცხელა, უფრო ზამთრის პერიოდია დატვირთული და შევხედავთ, როგორი მოთხოვნა იქნება. დადებითი მოლოდინია და ვფიქრობთ, გაამართლებს“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.
რაც შეეხება სამზარეულოს, 95 % ქართული კერძებია, დანარჩენი - ევროპული. დაწესებულებაში 80-მდე ადამიანი მუშაობს.
ნიკოლოზ შეყრილაძე Business Insider Georgia-თან სამომავლო გეგმებზეც დასძენს და აღნიშნავს, რომ „ვილა მოსავალი“ მომსახურების ექსპორტის გაფართოებას სამომავლოდაც შეეცდება. კერძოდ, რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და დეტალები ჯერჯერობით დასაზუსტებელია.
უახლესი