დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა ფლოტი გაზარდა და საკუთარი ბორანი იყიდა

ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა ფლოტი გაზარდა და საკუთარი ბორანი იყიდა

28-03-2024 17:00:00

ქართულმა კომპანიამ E60 Shipping Line-მ, რომელიც ფრახტით აღებული ბორანი Vilnius-ით ოპერირებდა, საზღვაო ხომალდი შეიძინა და ამიერიდან ორი ბორნით მოახდენს ოპერირებას.

როგორც Business Insider Georgia-სთან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა განაცხადა, ბორანი „აიას“ შეძენა E60 Shipping Line-ს რამდენიმე მილიონი დაუჯდა და აღნიშნული ხომალდით რკინიგზის ვაგონების გადაზიდვაც იქნება შესაძლებელი. 

„​უკვე ვიყიდეთ საკუთარი ბორანი, რომელსაც ჰქვია „აია“. მას უკვე ჰყავს სრულად ქართული ეკიპაჟი და დაცურავს საქართველოს დროშის ქვეშ. 

ხომალდს შეუძლია 50 ვაგონის გადაზიდვა, ეს უფრო სარკინიგზო ბორანია. 50 ვაგონთან ერთად „აიას“ 30-მდე დიდი, 17 მეტრიანი ტრალერის გადაზიდვაც შეუძლია. ამ ეტაპზე სრულდება სამუშაოები, რომ „აია“ ექსპლუატაციაში ჩავუშვათ“, - აღნიშნა მიშა ბაბუნაშვილმა. 

როგორც ცნობილია E60 Shipping Line  Vilnius-ით რუმინეთსა და საქართველოს შორის ოპერირებს. თუმცა როგორც E60 Shipping Line-ის კომერციული დირექტორი ამბობს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო კონსტანცას მიმართულებაზე „აია“ რკინიგზის ვაგონების გადაზიდვებს ვერ მოახერხებს. 

„ამ ეტაპზე კონსტანცაში ვაგონების გადაზიდვა შესაძლებელია, უბრალოდ სხვადასხვა კოლიებია და აქედან გამომდინარე თუ ვაგონების გადაზიდვაზე ვსაუბრობთ, ჯერჯერობით კონსტანცაში საჭირო ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ არის, ამიტომ კონკრეტულად ვაგონების ოპერირებისთვის სხვა ქვეყნებს განვიხილავთ.

აღნიშნული ბორნით ვგეგმავთ გადავზიდოთ როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი და მოვემსახუროთ ტრანზიტულ ტვირთებს. თუმცა ვაგონებთან მიმართებაში ეს უფრო იმპორტი და ტრანზიტი იქნება“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა.

მისივე თქმით, „აიას“ მეშვეობით ვაგონებით ოპერირებისთვის განიხილება, როგორც ჩარტერული, ისე რეგულარული რეისები. 

„ვაგონების ტრანსპორტირებისთვის განვიხილავთ ჩარტერული რეისების შესრულებას, ასევე ახლა ვაფასებთ ბაზარს და ვდებთ გარკვეულ ხელშეკრულებებს, თუ კონკრეტულად რა მიმართულებებზე იქნება შესაძლებელი ვაგონების რეგულარული მოძრაობა“, - აღნიშნა მიშა ბაბუნაშვილმა.

ორი ბორნით 2024 წლის ბოლოსთვის კომპანია 70%-ით მეტი ტვირთის მომსახურებას ვარაუდობს. 

შეგახსენებთ, რომ E60 Shipping Line-მა რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო ტვირთების ტრანსპორტირება 2023 წლის 27 ივნისიდან დაიწყო. ​დღემდე კონსტანცას და ფოთის ნავსადგურებს შორის სწრაფმავალი ბორანი Vilnius”-ი მოძრაობდა.

190 მეტრიანი ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება.

გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.

ბორნით გადაზიდული ტვირთი, ორივე ქვეყნის საბაჟო პროცედურებს მაქსიმალურად სწრაფად გაივლის, როგორც ეს  წლის დასაწყისში შეთანხმდა რუმინელი საბაჟო წარმომადგენლების ვიზიტისას საქართველოში.

ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.

E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.

E60 Shipping Line-ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს www.e60shipping.com 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები