ადგილობრივ ფერმერებს კივის რეალიზაცია უჭირთ.
როგორც კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ფერმერი დემურ ფიფია Business Inider Georgia- თან ამბობს, ბაზარზე ძირითადად ირანული პროდუქტი იყიდება, რომელსაც ქართული კივი კონკურენციას ვერ უწევს.
„საქართველოში ძირითადად ირანული კივი იყიდება. ეს არის ჰერბიციდებით გაჯერებული პროდუქტი, რომელიც ძალიან იაფად შემოდის, ხოლო ქართველი მყიდველი არჩევანს ფასსა და ვიზუალზე აკეთებს.
პესტიციდებით მოყვანილი კივი საშიში და მავნეა, რაც უამრავი დაავადების გამომწვევი შეიძლება გახდეს. ჩვენი პროდუქტი მისგან ვიზუალით განსხვავდება (ზომით უფრო პატარაა), მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანია, ირანულს კონკურენციას ვერ უწევს.
ბაზარზე დღეს ქართული კივი არ იშოვება. რაც იყიდება, სინამდვილეში ირანიდან იმპორტირებული პროდუქტია, რომელსაც ეტიკეტს აცლიან და როგორც ,,ქართული კივის", ისე ყიდიან. ამ დროს ჩვენი მოსავლის 60% განადგურდა. პირუტყვის კვებაში გამოვიყენეთ", - ამბობს დემურ ფიფია.
კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, თუკი სახელმწიფო ადგილობრივ წარმოებას არ დაეხმარება და ბაზარზე კონტროლს არ გააძლიერებენ, სამომავლოდ კივიც ჩაის ბედს გაიზიარებს.
ფერმერის თქმით, 2022 წელს და მიმდინარე სეზონზეც მთელი ბაზარი ირანულ კივის უკავია.
„ჩვენ პროდუქტს ვერ ვყიდით. მომავალ წელსაც თუ იგივე გაგრძელდება, საქართველოს ტერიტორიაზე ამ კულტურას მომავალი არ ექნება და ისიც ჩაის ბედს გაიზიარებს", - ამბობს დემურ ფიფია.
მისი ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე 1 კგ. ირანული კივის საბითუმო ფასი 1,80-2 ლარია.
უახლესი