დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
იმ პარამეტრებში ვაპირებთ განვითარებას, რაც წინა მესაკუთრეს ჰქონდა დამტკიცებული - აკაკი სონგულია 5 ცათამბჯენის პროექტზე

იმ პარამეტრებში ვაპირებთ განვითარებას, რაც წინა მესაკუთრეს ჰქონდა დამტკიცებული - აკაკი სონგულია 5 ცათამბჯენის პროექტზე

09-02-2024 16:30:00

თბილისში, ჰეიდარ ალიევის სანაპიროზე 5 ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება. ცათამბჯენების პროექტზე არქიტექტურულმა კომპანია Khmaladze Architects-მა "სითი ცენტრისა“ და "სითი ცენტრი 2"-ის დაკვეთით იმუშავა. 

საჯარო რეესტრის მონაცემებით „სითი ცენტრის" დირექტორი ბიზნესმენი აკაკი სონგულია, ხოლო კომპანიის 100%-იანი წილის მესაკუთრე კვიპროსში რეგისტრირებული SOFITSA HOLDINGS LIMITED-ი.

რაც შეეხება „სითი ცენტრი 2“-ს, კომპანიის დირექტორი გიორგი შეყრილაძეა, ხოლო 100%-იანი წილის მესაკუთრე პანამაში რეგისტრირებული „თრასდენ თრეიდინგ ეს.ეი“.

ცათამბჯენების პროექტის განხორციელება ყოფილი რესტორანი "არაგვის" ტერიტორიაზე იგეგმება.

როგორც Business Insider Georgia-სთან ბიზნესმენმა აკაკი სონგულიამ განაცხადა, პროექტი თბილისის მერიასთან წლების უკან მისი ყოფილი მესაკუთრის მიერ იყო შეთანხმებული. განსაზღვრული იყო K2 კოეფიციენტი და ასვე გაცემული იყო სამშენებლო ნებართვაც, რომელის ვადაც 2014 წელს უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მაშინდელ მესაკუთრეს შესაბამისი განაცხადი აღარ წარუდგენია. 

„პროექტის დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, რადგანაც მხოლოდ ახლახან შევიტანეთ განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალებაზე განაცადი და ვნახოთ რა შენიშვნები იქნება. აღნიშნულ პროექტში კი გათვალისწინებული გაქვს სასტუმრო, საოფისე ფართები და აპარტამენტები. 

პროექტის საწყისი სტადიაა და ვიდრე არ შევათანხმებთ მანამდე სასტუმროს ბრენდზე საუბარი ადრეა.

რაც შეეხება ინვესტიციის მოცულობაზე, ამ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის. რადგანაც  რა ფორმით დამტკიცდება პროექტი, რა პარამეტრებით და მოცულობებით ამის შემდეგ განისაზღვრება დეტალები.

გეტყვით, რომ ჩვენ პროექტის მომზადებისას საწყისად ავიღეთ ძველი გეგმა, 2007 წელს დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც განსაზღვრული იყო ტერიტორიის ფუნქციური ზონა( საზოგადოებრივ -საქმიანი), სამშენებლო პარამეტრების კოეფიციენტები და შესაბამისად გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა.

ეს ნებართვა მოქმედებდა 2014 წლის ჩათვლით. ვადის ამოწურვისას მერიისათვის მესაკუთრის მიმართვის შემთხვევაში მშენებლობის ვადა გადაიწევდა ავტომატურად. ამჟამად მერიაში ჩვენს მიერ წარდგენილია განაცხადი და მოთხოვნილია იგივე ფუნქციური ზონა და სამშენებლო პარამეტრები. 

თუმცა 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მათ პროექტი აღარ გაუგრძელებიათ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის სამუშაოები დაწყებული იყო და გრუნტი ამოთხრილიც არის. ჩვენც იმ პარამეტრებში ვაპირებთ განვითარებას, რაც წინა მესაკუთრეს ჰქონდა დამტკიცებული“, - განაცხადა აკაკი სონგულიამ.

მისივე თქმით, ადგილი სადაც ცათამბჯენების პროექტი უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივ  საქმიანი ზონაა არქიტექტორებმა და ექსპერტებმა იგივე პარამეტრებით წარადგინეს პროექტი.

​რაც შეეხებ იმას,ა თუ როდისთვის ელოდება ინვესტორი მერიიდან პროექტის დამტკიცებას, ბიზნესმენი ამბობს, რომ დროში შეზღუდვა არ არის, რადგანაც დიდი პროექტია და განხილვის რამდენიმე ასპექტი იქნება. 

„ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, საპროექტო ჯგუფთან ერთად, რომ დღევანდელი ტენდენციები და სახელმწიფოს პოზიცია პროექტში გაგვეთვალისწინებინა. ზოგადად გაგვეთვალისწინებინა ის, რაც დღევანდელი რეგულაციებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა აკაკი სონგულიამ.

Business Insider Georgia-ს თბილისის მერიაში უთხრეს, რომ  საკითხი ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებას.

„თბილისის მერიაში განსახილველად შემოსულია გეგმარებითი დავალების პროექტი. ვინაიდან ტერიტორია მდებარეობს თბილისის ისტორიულ არეალში, საკითხი ექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან შეთანხმებას. ამ ეტაპზე თბილისის მერიას გეგმარებით დავალებასთან დაკავშირებით პოზიცია დაფიქსირებული არა აქვს“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები