დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გვაქვს ამბიცია, რომ  იმპორტირებული საზამთრო და ნესვი ადგილობრივით სრულად ჩავანაცვლოთ - GDB აგრო

გვაქვს ამბიცია, რომ იმპორტირებული საზამთრო და ნესვი ადგილობრივით სრულად ჩავანაცვლოთ - GDB აგრო

19-07-2023 15:00:36

განსხვავებული ჯიშის საზამთროს და ნესვის მწარმოებელი და GLOBAL GAP- ის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი კომპანია GDB აგრო ქართულ ბაზარზე ახლახან გამოჩნდა. 2023 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე მწარმოებლები 70-დან 80 ტონამდე უკურკო, პორციული საზამთროს მოსავალს ელოდებიან.თუმცა მომავალ წელს ამ მაჩვენებლის, მინიმუმ, გაორმაგებას გეგმავენ.

კომპანიის დამფუძნებელი ივა ჭყონია Business Insider Georgia - თან ამბობს, რომ მომავალ წელს წარმოებას150-დან 200 ტონამდე გაიზრდება. მიზნად დაისახეს, რომ იმპორტირებული პროდუქცია ქართული ხარისხიანი და უვნებელი ნაწარმით ჩანაცვლდეს.

„საქართველოს ბაზრისთვის ჩვენს მიერ წარმოებული პროდუქტი უცხოა, მაგრამ ევროპაში საკმაოდ წარმატებულია. ამიტომ მისი პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვმუშაობთ. გვაქვს რამდენიმე ჯიშის საზამთრო და ნესვი, რომელიც ხარისხიანი გემოვნური თვისებებით გამორჩეული პროდუქტია. ჩემი პირადი ინსპირაცია იყო, ახალი შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, ამისთვის ლაგოდეხი შევარჩიეთ, რომელიც კლიმატურად გამორჩეული სუბტროპიკული ზონაა და ცალსახად ხელს უწყობს, რომ ხარისხიანი მოსავალი მოვიდეს. სანამ დახლებზე განვათავსებდით პროდუქტს, პესტიციდებზე ჩავატარეთ კვლევა და დასაშვებზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. ამდენად, სრულიად უსაფრთხო და უვნებელია. თეთრი ფერის გამჭვირვალე შეფუთვა ვიზუალურადაც გამარჩევს ჩვენს პროდუქციას. მომხმარებლისთვის მეტ კომფორტს ქმნის და სტიკირებულია, ბრენდირებული წარწერით ,,GDB აგრო”, - ამბობს ივა ჭყონია და დასძენს, რომ პროდუქტი დეფიციტურია.

„ვერ ვაკმაყოფილებთ ბაზრის მოთხოვნას, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მომავალ წელს გავზარდოთ წარმოება 150 -200 ტონამდე და დეკემბრის ბოლომდე ვაწარმოოთ. ამასთან დაკავშირებით პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. გვაქვს ამბიცია, რომ იმპორტული პროდუქტი ქართული, უვნებელი ხარისხიანი ნაწარმით ჩანაცვლდეს“, - აცხადებს GDB აგროს დამფუძნებელი. GDB აგროს პროდუქცია სრულად იყიდება ,,გუდვილის“ სუპერმარკეტებში , ნაწილობრივ - ,,აგროჰაბსა“ და ,,ნიკორაში“.

ივა ჭყონიას თქმით, გეგმავენ, რომ მომავალ წელს სრულად მოამარაგონ როგორც ბრენდირებული მსხვილი ქსელები, ასევე საცალო სავაჭრო ობიექტები. აღსანიშნავია, რომ ,,ჯიდიბი აგრო“-მ სოფლის მეურნეობის უმაღლესი საერთაშორისო ხარისხის სტანდარტის GLOBAL GAP დანერგვის შესახებ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი მოიპოვა.

არსებული სერტიფიკატი წარმოადგენს შესაბამისობის დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და პროდუქციის ექსპორტი დასაშვებია ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში.

GLOBAL GAP წარმოადგენს შესაბამისობის დადასტურებას, რომ კომპანიის მიერ პროდუქციის წარმოებისას დაცული და უზრუნველყოფილია მცენარეთა დაცვის საშუალებების, მინერალური სასუქების გამოყენების წესი, მინდვრის, ნიადაგის, წყლის, ჰაერის მდგომარეობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვით. ასევე სერტიფიკატი ადასტურებს ნარჩენების სწორად მართვას, ტერიტორიაზე სანიტარულ ჰიგიენური წესების დაცვას და დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოებას.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები