დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Georgian Bus-ი ავტობუსების პარკის გაზრდას გეგმავს

Georgian Bus-ი ავტობუსების პარკის გაზრდას გეგმავს

07-02-2024 18:10:00

კომპანია Georgian Bus-ი, რომელიც თბილისიდან და ბათუმიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით მგზავრების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს 2024 წელს ავტობუსების პარკის ზრდას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან Georgian Bus-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უახლოეს ხანებში კომპანიას Euro 6-ის 5 ახალი ავტობუსი დაემატება.

2024 წელს კი კომპანია ავტობუსების პარკის განახლებისთვის 2-დან 3 მლნ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. 

„ჩვენი პარკი ამ ეტაპზე შედგება 54 ავტობუსისგან და ყველა კომპანიის საკუთრებაშია. პარკის მუდმივად განახლება თვითონ კომპანიის ინტერესებშია, მათ შორის კონკურენციიდან, საწვავის მოხმარების ეფექტურობიდან გამომდინარე და კიდევ სხვა დეტალებია, იმისთვის, რომ მუდმივი განახლების რეჟიმში ვიყოთ.

სწორედ ამის გამო 10 ერთეული Euro 4-ის ავტობუსი გავყიდეთ და ამ დროისათვის მთელი ავტოპარკი Euro 5-ით და  Euro 6-ით არის დაკომპლექტებული.

ვცდილობთ, რომ უახლოეს ხანებში Euro 6-ის კიდევ 5 ერთეული ავტობუსი ჩამოვიყვანოთ. 

2024 წლის ბოლომდე კიდევ ვაპირებთ ავტობუსების დამატებას და ზოგადად გვინდა, რომ საოპერაციო ლიზინგზე გადავიდეთ. საქართველო ჯერ მზად არ არის ამისთვის, რომ ლიზინგით გამოვიყვანოთ ავტობუსები, მაგრამ ჩვენ მუდმივი განახლება გაქვს და კომპანიის გეგმაა, რომ 2024 წელს საერთო ავტობუსების რაოდენობამ მინიმუმ 60 ერთეულს მიაღწიოს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მომსახურების გარდა და იმ ტენდენციების გათვალისწინებით, აეროპორტი ყოველწლიურად იზრდება და Wizz Air-მა სულ ახლახან მეოთხე ბაზირებული ხომალდიც დაამატა, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კოპენჰაგენის მიმართულებით დაფრინავს, თუმცა გვჯერა, რომ ზაფხულში მიმართულებები და სიხშირეები გაიზრდება.

შესაბამისად მეტი ტრანსპორტი დასჭირდება აეროპორტს. გარდა ამისა ზაფხულში ჩვენც ჩამოგვყავს ტურისტები, რომელთაც ვუწევთ მომსახურებას საქართველოს გარშემო და შესაბამისად მათთვისაც გვჭირდება სათანადო ტრანსპორტი“,- აღნიშნა შალვა ხუციშვილმა

Georgian Bus-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ 2024 წელს კომპანიის მგზავრთნაკადი 2023 წლის მაჩვენებლებს 30%-ით გადააჭარბებს.

„2023 წელს 2022 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის მიმართულებით მატება იყო, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ზოგადად ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა, მაგრამ თუ შევადარებთ კონკრეტული რეისით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას, 2023 წელს მაჩვენებელი გაზრდილია.

2023 წელს ტენდენცია პოზიტივისკენ შეიცვალა, ფრენების მატებასთან ერთად რეისებიც საკმაოდ გამსხვილდა. თითოეულ რეისზე მგზავრების რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. პიკურ პერიოდში მგზავრთნაკადში 50%-ი არის უცხოელი ტურისტი, ხოლო 50%-ი საქართველოს მოქალაქე.

ზამთრის პერიოდში კი ეს თანაფარდობა იცვლება და დაახლოებით 70-80%-ია საქართველოს მოქალაქე, ხოლო 20-30% არის ტურისტი, ვისაც ძირითადად ზამთრის კურორტები აინტერესებთ“- აცხადებს Georgian Bus-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ Georgian Bus-ის წილი მის უშუალო კონკურენტთან მიმართებით დაახლოებით 50/50-ზეა. 

„ამ ეტაპზე კონკურენტთან შედარებით ბაზრის წილი თანაბარია, არის რაღაც პერიოდები როდესაც ჩვენ წინ წავიწევთ და არის რაღაც პერიოდები, როდესაც ჩვენი კონკურენტები მიდიან წინ. საერთო ჯამში თანაბრად მივდივართ“, - აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Bus-ის სახელით კომპანია 2014 წლიდან ოპერირებს და პირველი კომპანიაა რომელმაც ე.წ. შატლ ბასის სერვისი დანერგა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები