დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გენადი არველაძემ წამყვანი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ენერგოსექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

გენადი არველაძემ წამყვანი ავსტრიული ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელებთან საქართველოს ენერგოსექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა

19-02-2025 16:29:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს წამყვანი ავსტრიული ენერგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ამჯერად გენადი არველაძემ  შეხვედრა გამართა ჰესებისთვის ელექტრომექანიკური აღჭურვილობისა და მომსახურების გლობალური მიმწოდებელი ANDRITZ Hydro-ს უფროს ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდერ შვაბთან და „მწვანე ენერგიის" სექტორში მომუშავე უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიის EVN-ის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებთან შტეფან შიშკოვიჩსა და ალექსანდრა ვიტმანთან. 

 

გენადი არველაძემ ავსტრიული ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. როგორც მან აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა განახლებადი ენერგეტიკული რესურსებით, რომელთა ათვისების თვალსაზრისით კიდევ უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, ისევე როგორც სექტორის ტექნოლოგიური განვითარების კუთხით.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ANDRITZ Hydro 1950 წლიდან მონაწილეობს საქართველოში სხვადასხვა მსხვილ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და ძალიან კარგად იცნობს საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს. კომპანია დაინტერესებულია მსხვილ ინფრასტრუქტურულ ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობით, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში - ეს ეხება ნენსკრას, ნამახვანს და მსგავსი ტიპის მსხვილ პროექტებს. მნიშვნელოვანია ასეთ პროექტებში ANDRITZ-ის ტექნოლოგიების, მათი მოწყობილობების და მათ შორის იმ „ჭკვიანი გადაწყვეტილებების" დანერგვა, რომლებიც ხელს უწყობს ელექტროენერგიის წარმოების ზრდას და მის ეფექტურად გამოყენებას", - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 

კომპანიის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ შვაბის შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი და პოტენციალი კვლავაც ANDRITZ-ის ინტერესის სფეროშია. „ეს  გვპირდება ძალიან კარგ და პერსპექტიულ მომავალს ენერგეტიკის სექტორში. ჩვენ უკვე წარმოდგენილი  ვართ ქვეყანაში, განვიხილავთ მომავალ პროექტებს და  უდიდესი  აღფრთოვანებით  დავუჭერთ  მხარს საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის სექტორის შემდგომ განვითარებაში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკის, მზის და ქარის ენერგიის მიმართულებით", - განაცხადა მან.

 

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით ასევე დაინტერესება გამოითქვა კომპანიის EVN-ის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორების მხრიდან. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგი, რომელიც როგორც ავსტრიის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე მწვანე ელექტროენერგიაში ახორციელებს ინვესტიციებს. გენადი არველაძის ინფორმაციით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ვიზიტით ჰიდრო ელექტროენერგიის მიმართულებით საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის მიზნით. კომპანიის განსაკუთრებული ინტერესის საგანს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის პროექტი წარმოადგენს, რომლის საშუალებით ევროპის ბაზარზე წვდომა იქნება შესაძლებელი, კომპანიისთვის კი მნიშვნელოვანია ინვესტირება მწვანე ელექტროენერგიის, კერძოდ, ჰიდრო და განახლებადი ენერგეტიკის სექტორში,  სადაც საქართველოში დიდი აუთვისებელი პოტენციალია. 

 

„კომპანიას დაგეგმილი აქვს სხვადასხვა ბიზნესპარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით. მათი დაინტერესება ასევე გამომდინარეობს იქიდან, რომ საქართველო სულ მალე შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის მეშვეობით მიუერთდება ევროკავშირის ენერგეტიკის სისტემას, რაც საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგიის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობას მისცემს. ასე რომ, მნიშვნელოვანია მათი პირველი შემსწავლელი მისია, რომელიც საქართველოში მაისის თვეში შედგება და ამასთან დაკავშირებით იმედს ვიტოვებთ, რომ შემდგომ გაგრძელდება მოლაპარაკებები როგორც მთავრობასთან, ასევე კერძო სექტორთან", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

კომპანიის ინტერესზე საუბრობს Evn-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე შტეფან შიშკოვიჩი. მისი თქმით, ევროპას ელექტროენერგია, განსაკუთრებით კი განახლებადი ენერგია სჭირდება, ამ მიმართულებით კი საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. „ვფიქრობ, კარგი თანამშრომლობა საქართველოსა და ევროპას, ევროპულ კომპანიებს შორის ძალიან დაეხმარებოდა რეგიონის და ევროპის განვითარებას. დღეს ამ შეხვედრაზე განვიხილეთ შავი ზღვის კაბელის  პროექტი - ასეთი პროექტი  მნიშვნელოვანი ეტაპი იქნებოდა ევროპისა და საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრების თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირისთვის", - აღნიშნა მან.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

25 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები