ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2024 წლის ანგარიში, აგრეთვე 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც ასევე მოიცავდა „გაფართოების ანგარიშით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს.
მინისტრის მოადგილემ პარლამენტარებს წარუდგინა დეტალური ინფორმაცია მიმდინარე და სამომავლო რეფორმების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული სტანდარტების დანერგვას, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და ევროპულ პრაქტიკასთან მიახლოებას. როგორც გენადი არველაძემ აღნიშნა, საქართველოს კანონმდებლობა DCFTA-ით გათვალისწინებული ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების 68%-ზე მეტთანაა დაახლოებული, რაც, მისი თქმით, საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების გუნდური და ეფექტური მუშაობის შედეგია. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მათ გაწეული საქმიანობისთვის.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქმიანობაზე მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, მისი კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მათი ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასვლის მხარდაჭერის კუთხით. გენადი არველაძის ინფორმაციით, 2024 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდაჭერის უნივერსალური პროგრამის ფარგლებში, დამტკიცდა 565 კომპანიის 648 სესხი/ლიზინგი, რომელთა ჯამური დამტკიცებული მოცულობა 487 მლნ ლარია. მისი თქმით, აღნიშნული პროექტების ფარგლებში დაგეგმილია 1 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება და 45,500-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა.
გენადი არველაძის განცხადებით, 2024 წელს საქართველოდან სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 11 პროცენტით და 180 მლნ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა. მისი თქმით, ზრდა დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან სასოფლო - სამეურნეო პროდუქციაზე, როგორიცაა მინერალური წყალი - 28 პროცენტით, ღვინო - 10 პროცენტით, თხილი - 29 პროცენტით და სხვ. მისი თქმით, 2024 წლის მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, 58%-ით გაიზარდა და 976 შეადგინა.
გენადი არველაძემ ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ ვაჭრობის, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობის, ბაზარზე ზედამხედველობის, სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის, აკრედიტაციის, კომუნიკაციების, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის, საბაჟო სფეროს, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის, საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებებით.
სტანდარტების და მეტროლოგიის მიმართულებაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო განაგრძობს საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ეროვნულ სტანდარტებად მიღებას.
რაც შეეხება აკრედიტაციის მიმართულებას, გენადი არველაძის ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოსთვის აკრედიტებული ორგანიზაციების რაოდენობამ შეადგინა 287 ორგანიზაცია. მისი თქმით, მიმდინარე წელს 2024 წელს საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა, პირველად მოახდინა აკრედიტაციის გაცემა უცხო ქვეყანაში, რაც საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის საერთაშორისო აღიარების შედეგია.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ბაზარზე ზედამხდველობის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმაზე, რომლის ფარგლებშიც შექმნილი საკანონმდებლო მექანიზმი უზრუნველყოფს საქართველოს ბაზრებზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას და მნიშვნელოვნად ამცირებს ქვეყანაში კანონმდებლობასთან შეუსაბამო და საფრთხის შემცველი ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების განთავსებას.
მინისტრის მოადგილემ ასევე გააახვილა ყურადღება 2025 წლის სამოქმედო გეგმაზე, აგრეთვე „გაფართოების ანგარიშით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებზე.
უახლესი
1 საათის წინ
ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია - ასომთავარი