რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანას ქართული კომპანია E60 Shipping Line ძალიან მალე დაიწყებს, რომელმაც სწრაფმავალი ბორანი გასულ წელს დაფრახტა და ფოთისა და კონსტანცას პორტებს შორის სატვირთო გადაზიდვებს უკვე თვეებია აწარმოებს.
190 მეტრის სიგრძის ბორანი სახელწოდებით “Vilnius”-ი ფოთსა და კონსტანცას შორის კვირაში ერთი სიხშირით ოპერირებს. აღნიშნულ მიმართულებაზე კომპანიამ ტვირთებთან ერთად მგზავრების გადაყვანა გასული წლის ივნისში დააანონსა, თუმცა როგორც Business Insider Georgia-მა E60 Shipping Line-ის კომერციულ დირექტორთან მიშა ბაბუნაშვილთან საუბრისას გაარკვია, რომ რუმინეთის პორტში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო კომპანიამ აღნიშნული სერვისის დაწყება დროულად ვეღარ შეძლო.
„ინფრასტრუქტურული მოწყობის საკითხი იდგა კონკრეტულად რუმინეთში. რუმინეთს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მგზავრების მისაღებად დერეფანი გაკეთებულიყო. ახლა კი, ვითარება იცვლება და სიახლეები აღნიშნული მიმართულებითაც გვექნება და გამოვაცხადებთ. ძალიან მალე დავიწყებთ მგზავრების გადაყვანას, შესაძლოა, შეზღუდული რაოდენობითაც, მაგრამ ძალიან მალე დავიწყებთ“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან E60 Shipping Line-ის კომერციულმა დირექტორმა მიშა ბაბუნაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ გემს დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად მხოლოდ 42 საათი სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მგზავრებს და მძღოლებს ექნებათ შესაძლებლობა განთავსდნენ კომფორტულ კაიუტებში და ისარგებლონ ბორტზე არსებული რესტორნით, ბარით, გასართობი სივრცით და Duty Free მაღაზიით.
ფოთი - კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის.
E60 Shipping Line არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.
უახლესი
4 საათის წინ
გუდაურში ბინების გაყიდვები და ფასები შემცირდა5 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა