12 ივნისიდან საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებითი საიმპორტო გადასახადი ამოქმედდება. მეწარმეების პროგნოზით, ერთი ტომარა ფქვილი სავარაუდოდ 12 ლარით გაძვირდება.
ცვლილება არ მოსწონთ პურის მწარმოებლებს, მაგრამ აცხადებენ, რომ სახელმწიფოებრივი ინტერესის გამო გადაწყვეტილებას უყოყმანოდ დათანხმდნენ.
„პურის მრეწველთა ასოციაციის" თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის თქმით, სხვა არჩევანი არ არის იმისთვის, რომ მეხორბლეები არ გაჩერდნენ, ამიტომ სექტორი ცვლილებისთვის მზადაა. „ერთი ტომარა ფქვილის ფასი ამ ეტაპზე 44 ლარია. იმპორტის საფასურის დაწესება პროდუქტს 12 ლარით გააძვირებს.
ეს არ არის იდეალური ვარიანტი მწარმოებლებისთვის, მაგრამ მეხორბლეების მხარდასაჭერად აუცილებელი ღონისძიებაა, რასაც ვეთანხმებით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მოგვწონდეს. პირველ რიგში, სახელმწიფოებრივი ინტერესია.
მეწარმეა, მეწისქვილე თუ მებაჟე, ქვეყნის კეთილდღეობაზე უნდა ფიქრობდეს. ხორბალი უნდა გაიყიდოს და აითვისოს ბაზარმა. ეს არის დღეს მთავარი საკითხი, რასაც საზოგადოებაც ეთანხმება, სასურსათო სუვერენიტეტი უნდა დავიცვათ, ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდით მთავრობის გადაწყვეტილებას", - ამბობს დოლიძე Business Insider Georgia - თან.
რაც შეეხება ფქვილის იმპორტის საფასურს, მთავრობის დადგენილების თანახმად, 200 კგ-ზე ზევით ყოველ 1 კგ-ზე − 20 თეთრი იქნება ანუ ტონაზე 200 ლარი. ცვლილება ძალაში 12 ივნისიდან შევა და 1-ელ ნოემბრამდე იმოქმედებს.
უახლესი