2023 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" კანონი და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებები დაამტკიცა, რის შედეგადაც, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას, ახალი სუბიექტი მიკრობანკი - დაემატა.
ამავე კანონით, მიკრობანკების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების გამოცემის ვადა, ეროვნულ ბანკს 2023 წლის 1 ივლისამდე განესაზღვრა.
სწორედ აღნიშნული ვალდებულების შესრულებისა და მიკრობანკების საზედამხედველო ჩარჩოს გამართვის მიზნით, ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობდა მუშაობას და ამ ეტაპისათვის, მიკრობანკების მარეგულირებელი კანონქვემდებარე აქტების არსებითი ნაწილი უკვე შემუშავებულია.
ეროვნული ბანკი, შემუშავებული აქტების პროექტების ნაწილს სექტორს საკონსულტაციოდ სთავაზობს და დაინტერესებულ მხარეებს მოსაზრებებისა და კომენტარების გაზიარების შესაძლებლობასაც აძლევს:
მიკრობანკების სალიცენზიო (გარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობისა), კორპორაციული მართვის (გარდა ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხებისა), ადმინისტრატორთა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელთა შესაფერისობის მოთხოვნები, არსებითად არ განსხვავდება კომერციული ბანკებისათვის დაწესებული მოთხოვნებისგან და ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს ეფუძნება. კაპიტალის ადეკვატურობის სტანდარტებთან დაკავშირებული აქტის პროექტიც კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული პილარ 1-სა და პილარ 2-ის სტანდარტებს აერთიანებს და მეტწილად მსგავსია კომერციული ბანკის მიმართ განსაზღვრული მოთხოვნებისა, თუმცა პილარ 2-ით განსაზღვრული კაპიტალის ხუთი ბუფერიდან მიკრობანკებისათვის აქტის პროექტით მხოლოდ ორი მათგანის მოთხოვნა განისაზღვრა. გარდა ამისა, აქტის პროექტი, რომელიც ლევერიჯის მოთხოვნებს ადგენს, ასევე დაფუძნებულია კომერციული ბანკებისთვის განსაზღვრულ ლევერიჯის მოთხოვნებზე, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის სტანდარტებს, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივითა (2013/36/EU დირექტივა, CRD) და ევროპის საბანკო უწყების სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
აქტების პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით, გამოქვეყნებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია microbanksupervision@nbg.gov.ge -ზე მიმდინარე წლის 5 ივნისამდე. ამასთან, ეროვნული ბანკი სხვა მარეგულირებელი აქტების პროექტებსაც ეტაპობრივად გამოაქვეყნებს.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“