დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტის ზრდას ვგეგმავთ, თუმცა ნედლეული მთავარი გამოწვევაა - „პოლივიმი“

ექსპორტის ზრდას ვგეგმავთ, თუმცა ნედლეული მთავარი გამოწვევაა - „პოლივიმი“

12-03-2024 19:10:00

ეკოსაწარმოპოლივიმი, რომლის მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე ექსპორტის სახით, 2024 წლის ბოლომდე წარმოებისა და გაყიდვების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს.

როგორც Business Insider Georgia-თან კომპანია პოლივიმის წარმომადგენელმა ნინო რუსიშვილმა განაცხადა, კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში გადის. 

ექსპორტზე ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში ვართ წარმოდგენილები. თავის დროზე ამ ბაზარზე შესვლა არ გაგვჭირვებია, რადგანაც სრული სტანდარტების დაცვით ვაწარმოებთ პროდუქციას. ჩვენი საწარმო 2 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. საქმიანობას ვახორციელებთ დადგენილი სტანდარტებითა და სათანადო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების შესაბამისად. ახლა ვმუშაობთ ISO სტანდარტებზე და გვინდა, რომ შესაბამისი სერტიფიკატები მოვიპოვოთ. რაც შეეხება გაყიდვებს, საწყის ეტაპზე ძირითადად ექსპორტი გაგვქონდა, თუმცა ძალიან გვიხარია, რომ უკვე ადგილობრივი შემსყიდველებიც გამოჩნდნენ, რომლებიც მოიხმარენ ჩვენს გადამუშავებულ მასალას, - აღნიშნა ნინო რუსიშვილმა. 

შპს ,,პოლივიმი არის საყოფაცხოვრებო და პოსტ-სამრეწველო ნარჩენი პლასტმასისა და პოლიმერების გადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ გააჩნია. ჩვენი ქარხანა ნედლეულის სახით მოიხმარს ადგილობრივ ბაზარზე წარმოქმნილ პლასტმასის ნარჩენებეს (მეორადი PET ბოთლები, PE-პოლიეთილენისა და PP-პოლიპროპილენის ნარჩენი) და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს ღირებულ და ეკომეგობრულ პროდუქციას, ნაცვლად ნარჩენების ნაგავსაყრელზე ტრანსპორტირება-დაკონსერვებისა! აღნიშნული პროდუქცია წარმოადგენს პლასტმასის მრეწველობისთვის განკუთვნილ რეციკლირებულ ნედლეულს და იკავებს უმნიშვნელოვანეს როლს ღირებულებათა ჯაჭვში.

კომპანია პოლივიმი ქალაქ რუსთავში მდებარეობს. ჩვენვამუშავებთ პლასტმასის ნარჩენებს, რომელთაც ვიბარებთ როგორც მოქალაქეებისგან, ისე კომპანიებისგან, რომელიც წარმოადგენს მათი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილსაც. თავადაც გვიკავშირდებიან კომპანიები და ჩაბარების სურვილს გამოთქვამენ. ნედლეულის მხრივ დამოკიდებული ვართ ადგილობრივ შესყიდვებზე“. 

რაც შეეხება ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას, მაგალითად პლასტმასის ბოთლის გადამუშავების შედეგად ვაწარმოებთ პეტ ფანტელს, რომელიც არის შესაფუთი მასალებისთვის გამოსაყენებელი ნედლეული. ასევე სხვადასხვა პოლიმერული ნარჩენებისგან ვაწარმოებთ გრანულს, რომელიც გამოიყენება მილების და სხვადასხვა პლასტმასას ნაწარმის დასამზადებლად. ჩვენი პროდუქცია გადის როგორც ექსპორტზე ასევე ვყიდით ადგილობრივ ბაზარზე, - ამბობს პოლივიმის წარმომადგენელი. 

მისივე თქმით, კომპანიებისთვის საექსპორტო არეალის გაფართოებაში და ზოგადად ექსპორტის ზრდაში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ საკმაოდ აქტიურია სააგენტო აწარმოე საქართველოში, რომელმაც სულ ახლახან ახალი პროექტი აამოქმედა და ექსპორტიორ კომპანიებს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობისთვის დამატებითი შესაძლებლობები მისცა. 

ნინო რუსიშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ასეთ გამოფენებზე წარმოდგენილები არიან შესაფუთი მასალების კლასტერები, რომლებთანაც ხდება კონტაქტის დამყარება. 

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების მხარდაჭერა, განსაკუთრებით სააგენტო აწარმოე საქართველოში მიერ საერთაშორისო გამოფენებზე დასწრების თანადაფინანსება, რადგანაც ფართოვდება შემსყიდველთა სია და კიდევ უფრო ვიმკვიდრებთ თავს საერთაშორისო ბაზრებზე. მით უმეტეს, რომ სააგენტომ ექსპორტის ხელშეწყობისთვის კიდევ ერთი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც ბიზნესს დამატებით შესაძლებლობას მისცემს გაზარდონ საექსპორტო პოტენციალი და გააფართოონ კავშირები საერთაშორისო პარტნიორებთან, - აცხადებს ნინო რუსიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პოლივიმის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა მზარდია, თუმცა საწარმო დღეისათვის სრული დატვირთვით მაინც ვერ მუშაობს. საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლეულის შეგროვება გარკვეულ სირთულეებთან მაინც არის დაკავშირებული. 

ის ნედლეული რასაც ჩვენ ადგილობრივი ბაზრიდან ვიღებთ, საკმარისი არ არის. გამოწვევად რჩება საკმარისი ნედლეულის მოპოვების საკითხი.  მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეული სხვადასხვა წყაროდან მოვიპოვოთ, თუმცა ნარჩენების სეპარირებასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც დღის წესრიგშია, - განმარტავს ნინო რუსიშვილი.

პოლივიმის წარმომადგენელი პრობლემის აღმოფხვრას კი ცნობიერების ამაღლებასა და ნარჩენების სეპარირებაში ხედავს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები