დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძვირადღირებული ავტომობილების ბიზნესმა უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა - ასოციაცია

ძვირადღირებული ავტომობილების ბიზნესმა უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა - ასოციაცია

25-06-2023 00:50:18

ძვირადღირებული ავტომობილების ბიზნესმა უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა - ასოციაცია საქართველოში ავტომობილების ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რეგიონში მიმდინარე პროცესებს მიიჩნევს და ამბობს, რომ მკვეთრი ზრდა გარკვეულწილად უკავშირდება უკრაინულ ბიზნესს , რომელმაც შექმნილი ვითარების გამო საქართველოში გადმოინაცვლა.

,,ექსპორტში მკვეთრი მატებაა, როგორც ,,საქსტატის" მონაცემიდან ვარკვევთ, ერთეულებში ბუნებრივია ზრდაა, თუმცა 2-ჯერ არ არის მომატებული რაოდენობაში, როცა ვაჭრობის მოცულობა 4-ჯერ გაზრდილია. რაც შეეხება ტენდენციას, ბიზნესის ნაწილმა უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა.

აქ უკვე არ არის მხოლოდ ქართული ბიზნესი, ნაწილი უკრაინული კომპანიებია, ძვირადღირებული ავტომობილების ბიზნესმა უკრაინიდან საქართველოში გადმოინაცვლა. საშუალო ფასი 47 000-დან 75 000 დოლარის ფარგლებშია", - ამბობს ნონიაძე Business Insider Georgia - თან.

მისი თქმით, ბაზარზე მოთხოვნა ძირითადად 2013 წელს ზემოთ გამოშვებულ ავტომობილებზეა. ,,ფულად გამოსახულებაში გათვლა არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან ერთეულებში რამდენი ავტომობილით გაიზარდა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი.

აღსანიშნავია, რომ თითოეული ავტომობილის ფასი იზრდება, ბაზარზე მოთხოვნა 2013 წლიდან გამოშვებულ ავტომობილებზეა, ხოლო რაც უახლესია მოდელი, მით უფრო ფასობს. შესაბამისად, ეს ვაჭრობის მოცულობასაც ზრდის", - ამბობს ალექსი ნონიაძე და დასძენს, რომ არსებული მოცემულობა სავარაუდოდ შენარჩუნდება.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 5 თვეში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 795 მილიონი დოლარის ღირებულების 42 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე. თანხობრივად ექსპორტი წინა წელთან შედარებით 316%-ით არის გაზრდილი.

საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილის საშუალო ფასი 18 ათასი დოლარია. რაც შეეხება ქვეყნებს, პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, სადაც საქართველოდან 189 მილიონი დოლარის ავტომობილები გავიდა. მეორე ადგილზე 187 მილიონით ყაზახეთი, მესამეზე კი ყირგიზეთია 182 მილიონის ექსპორტით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები