დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ComCom-მა ამბროლაურსა და ონში 600-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

ComCom-მა ამბროლაურსა და ონში 600-ზე მეტი ადგილობრივი ინტერნეტის გამოყენებაში გადაამზადა

26-12-2023 15:49:00

კომუნიკაციების კომისიის ციფრული მხარდაჭერის პროგრამა წარმატებით დასრულდა ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა 50-ზე მეტი სემინარი და სულ 600-ზე მეტი ადგილობრივი გადამზადდა. ბენეფიციარებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს.

შეგახსენებთ, რომ ციფრული მხარდაჭერის პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების 135 სოფლიდან და დასახლებული პუნქტიდან სულ 3500-ზე მეტი მოქალაქე გადამზადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში, გარდა ინტერნეტის გამოყენების შესახებ ჩატარებული ტრენინგებისა, ასევე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები ინტერნეტის მომხმარებელთა უფლებების და სახელმწიფო ელ-აუქციონის გამოყენების შესახებ, სადაც მონაწილეობას მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციისა და მერიის წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი მეწარმეები და სხვა დაინტერესებული პირებიც იღებდნენ.

ციფრული მხარდაჭერის პროგრამა პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები